„მილანის“ და ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზვონიმინ ბობანმა ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.
ლეგენდარულმა ხორვატმა „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ასტონ ვილას“ მატჩის (3:1) შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარემოს შეცვლამ კვარა გააბედნიერა, რის გამოც ჩვეულ თამაშს აჩვენებს:
„კვარაცხელია დაბრუნდა. მან „ნაპოლიში“ თავი უპატივცემულოდ იგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ „ნაპოლი“ ენდო და ნიჭის გამოვლენის საშუალება მისცა. კლუბთან კონფლიქტში შევიდა, მაგრამ საბედნიეროდ, ორივესთვის ყველაფერი კარგად დასრულდა. „ნაპოლიმ“ ფული გამოიმუშავა და არავინ უკმაყოფილა არ დარჩენილა.
მეორე მხრივ, პსჟ-მ ძალიან კარგი შეთავაზება გააკეთა და მას შესანიშნავი კონტრაქტი შესთავაზა. გარემოს შეცვლა კვარაცხელიას აბედნიერებს და საშუალებას აძლევს ითამაშოს ის ფეხბურთი, როგორის თამაშიც იცის“, - თქვა ბობანმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 4 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე კი, ქართველის აქტივში 5 მატჩში ორი გოლი და ერთი საგოლე პასია.
„ასტონ ვილა“ – „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი 15 აპრილს, ბირმინგემში გაიმართება.







