საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ბრესტს“ უმასპინძლა, ისევ ვერ მოიგო და ლიგა 2-სკენ მიიწევს...
„სენტ ეტიენი“ სამჯერ აგებდა, მაგრამ სამჯერვე მოახერხა გათანაბრება და ქულა მაინც გადაარჩინა - 3:3. თუმცა, ახლა „მწვანეების“ მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრე დიდი ვერაფერი ნუგეშია.
ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გამორჩეული იყო. საგოლე პასიც გააკეთა. სწორედ მისი კუთხურის შემდეგ გაიტანა ირვინ კარდონამ, რომელმაც 34-ე წუთზე იმ დროისთვის ანგარიში 2:2 გახადა. ზოგადად, კარდონამ დუბლი შეასრულა, ერთიც ლუკას სტასინმა გაიტანა.
90-ე წუთზე გამარჯვების გოლთან ქართველი შემტევი ძალიან ახლოს იყო, თავით დაარტყა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და არ გაუმართლა.
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტიც მოიპოვა.
„სენტ ეტიენი“ 24 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე, შესაბამისად, გასავარდნ ზონაშია, ხოლო მომდევნო ტურში 20 აპრილს, გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ უმასპინძლებს.