ისე გამოვიდა, რომ მიუნხენის „ბაიერნს“ ძვირად დაუჯდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში 88-ე წუთზე გაშვებული გოლი.
დიახ, სწორედ ამ გოლმა გადაწყვიტა ორმატჩიანი რაუნდის ბედი, რადგან რომ არა, დავიდე ფრატეზის გოლი მიუნხენში, შესაძლოა, ახლა სხვა სცენარზე გვესაუბრა. არადა, „ბაიერნს“ მაშინ ახალი გათანაბრებული ჰქონდა და მოსაგებად გაიწია, სწორედ ამ დროს კონტრშეტევა გამოეპარა.
მილანში, საპასუხო მატჩი 2:2 დასრულდა, შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში „ინტერმა“ 4:3 მოიგო და ბოლო სამ სეზონში მეორედ გავიდა ნახევარფინალში.
პირველი ტაიმი „სან სიროზე“ უგოლოდ დასრულდა, სამაგიეროდ, მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში სამი გოლი გავიდა. ჯერ ჰარი კეინმა გახსნა ანგარიში და ბავარიელებმა ორი მატჩის ჯამში გაათანაბრეს, თუმცა „ინტერმა“ მწვავედ შეუტია და მალევე, სამწუთიან ინტერვალში ლაუტარო მარტინესმა და ბენჟამინ პავარმა გაიტანეს. „ინტერი“ დაწინაურდა, ორი მატჩის ჯამში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
ვენსან კომპანის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ 76-ე წუთზე ერიკ დაიერმა გაათანაბრა ანგარიში. მიუნხენურ გიგანტს კიდევ 20 წუთი ჰქონდა, მაგრამ იტალიელებმა თავი შესანიშნავად დაიცვეს.
ამრიგად, ნახევარფინალში „ინტერი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, ისე, როგორც 2010 წელს, როცა ბოლოს მოიგო ეს ტურნირი... ნახევარფინალში თითო წარმომადგენელი ჰყავთ იტალიას, ესპანეთს, საფრანგეთს და ინგლისს, მეორე წყვილში „არსენალი“ და პსჟ ითამაშებენ.
„ინტერი“ – „ბაიერნი“ 2:2 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:3
გოლები: 0:1 კეინი (52), 1:1 ლაუტარო (58), 2:1 პავარი (61), 2:2 დაიერი (76)










