UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ჯო როგანთან პოდკასტში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
"ლეგენდამ" ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილზე თქვა, რომ ყველაზე მეტად სიამოვნებას მისი ბრძოლების ყურება ანიჭებს.
"მერაბ დვალიშვილის ბრძოლების ყურება ყველაზე მეტად მსიამოვნებს, მის ბრძოლაზე ფულს დაუფიქრებლად გადავიხდიდი.
მერაბი საუკეთესო მებრძოლი და ადამიანია, ის ძალიან მიყვარს. მინდა მის შესახებ საინტერესო რამ გითხრათ, როდესაც მერაბის ვარჯიშებს უყურებ, გიჩნდება ფიქრები, რომ ის არცთუ კარგი უნარების მქონე მებრძოლია და მისი დამარცხება მარტივად შეიძლება, მაგრამ როდესაც ის ოქტაგონში შედის, არ ვიცი რა ემართება, ის მანქანად იქცევა, რომელიც არასდროს ჩერდება და ყოველთვის წინ მოდის.
ვფიქრობ, უმარ ნურმაგომედოვს სწორედ ეს დაემართა, ბრძოლამდე იძახდა, რომ ვერ წააქცევდა, ამას მას ვერ გაუკეთებდა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ოქტაგონში შესვლისას ყველაფერი იცვლება" - განაცხადა ილია თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლოს 19 იანვარს იბრძოლა, როდესაც უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა. "ქართველი მანქანა" მომდევნო ბრძოლას 7 ივნისს ჩაატარებს, სადაც მისი მეტოქე, კარგად ნაცნობი შონ ო'მალი იქნება.









