„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „რენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ბოლო ოთხ ტურში ქულათა მაქსიმუმის მოპოვება შესანიშნავი შედეგი იქნება. მას სჯერა, რომ ოთხეულში მოხვედრის შანსი ისევ აქვთ:
"ძირითადად გონებრივ მხარეზე ვმუშაობდით. ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს მომავალზე და იმაზე, თუ რას შეგვიძლია მივაღწიოთ. მსურდა, რომ ფეხბურთელებს ჩვენი რეალობა გაეგოთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რისი მიღწევა შეგვიძლია ბოლო ოთხ მატჩში.
კრიტიკა უნდა მიიღო: ეს ნორმალურია ფეხბურთში. თუ არ გინდა რომ გაკრიტიკონ, არ უნდა აკეთო ეს საქმე. როცა იგებ, ყველაფერი კარგადაა და როცა მარცხდები, ყველაფერი ცუდადაა. წონასწორობა უნდა შეინარჩუნო, უნდა ისწავლო რთულ მომენტებზე, მაგრამ ასევე კარგ მომენტებზე. მხოლოდ იმიტომ, რომ იმარჯვებ, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურადაა, ან პირიქით.
ვფიქრობ, ბოლო თამაში კარგად ვერ ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. ფეხბურთში ბევრია დამოკიდებული გონებრივ სიძლიერეზე. ის, რაც მანჩესტერში განვიცადეთ, ძალიან რთული იყო. მაგრამ დერბიზე სხვა დამოკიდებულება უნდა გამოგვეჩინა. მანჩესტერთან 120 წუთის შემდეგ, შესაძლოა, შემადგენლობა ძალიან შევცვალე.
მატიჩი? მესმის იმ ფეხბურთელების იმედგაცრუება, რომლებიც არ თამაშობენ. ჩემი როლია, გავაკეთო საუკეთესო არჩევანი გუნდისთვის. ვესაუბრე ნემანიას. მან კარგად ივარჯიშა კვირის განმავლობაში და მზად არის შემდეგი მატჩისთვის. ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს ყველა გადაწყვეტილებაზე.
დიახ, მენტალური მხარე იქნება გადამწყვეტი. როცა ლიონში ჩამოვედი, ცოტას სჯეროდა ჩვენი. თუ ჩვენ დღეს ამ პოზიციაზე ვართ, ეს ფეხბურთელების დამსახურებაა, რაც მათ გააკეთეს შესანიშნავია და მე მათი კვლავ მჯერა.
ბოლო ოთხ ტურში 12 ქულა ფანტასტიკური იქნება, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამას. ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო მატჩია, რომელიც უნდა მოვიგოთ. ჯერ კიდევ გვაქვს სამი საშინაო თამაში და პირდაპირი დაპირისპირება მონაკოსთან. „სენტ-ეტიენთან“ მარცხი ართულებს ყველაფერს, მაგრამ ჩვენ მაინც გვექნება შესაძლებლობები.
„რენი“ ხარისხიანი გუნდია, უმჯობესდება. რეალურად, ამ სეზონში არაფრისთვის იბრძვიან, მაგრამ ისინი ზეწოლის გარეშე ითამაშებენ. სეზონის დასაწყისში მათ იგივე ამბიციები ჰქონდათ, როგორც ჩვენ, დიდი ინვესტიცია ჩადეს, მაგრამ სატურნირო ცხრილში ჩამორჩნენ. ეს იქნება ძალიან რთული მატჩი. ყველა მატჩი სეზონის ბოლოს რთულია, ეს „სენტ-ეტიენთან“ მატჩმაც დაამტკიცა“.
"სენტ-ეტიენის“ წინააღმდეგ თავს არ ვიცავდით ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ. ძალიან ბევრი სივრცე დავტოვეთ, არ ვიყავით კომპაქტურები, არ ვიყავით საკმარისად აგრესიულები დუელებში. ძალიან დიდი სივრცე იყო ხაზებს შორის. პრობლემა, პირველ რიგში, დაცვაში იყო. როცა ცუდად იცავ, რთულია მთელი გუნდისთვის“, - თქვა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ 51 ქულით მეექვსე ადგილზეა, ხოლო „რენს“ 26 აპრილს, თბილისის დროით 23:05 საათზე დაუპირისპირდება.