ფეხბურთი

17:40 | 29.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

იამალი: "საკუთარ თავს არავის ვადარებ, არც მესის"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც იამალმა თქვა, აზრი არ აქვს სხვა ფეხბურთელებთან შედარებას, მათ შორის, არც ლიონელ მესისთან. 17 წლის ტალანტი უბრალოდ განვითარებაზე ფიქრობს და მომენტით ტკბება:

„ეს ჩემს ცხოვრებაში პირველი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, ძალიან მინდა გამარჯვება და ამ მატჩში ყველაფერს გავაკეთებ. „ინტერი“ ძალიან ძლიერია კონტრშეტევაზე და დაცვაში, ეს უკვე დაამტკიცა. თუმცა, ჩვენ ძლიერები ვართ ბურთის კონტროლში, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის და ყველაფერი გავაკეთოთ ფინალში გასასვლელად.

100 მატჩი „ბარსელონაში“? ჩემს ასაკში ცოტას თუ უთამაშია ამდენი მატჩი „ბარსელონაში“, ასეთ კლუბში მოტივაციის ქონა ადვილია, მთავარია, სტაბილურობა. ზეწოლა? სახლი დიდი ხნის წინ დავტოვე, ზეწოლას აღარ ვგრძნობ, არაფრის მეშინია, უბრალოდ, ვგრძნობ, რომ მომენტით უნდა დავტკბე და ყველაფერი გავიღო, სულ ესაა. მთავარია, პატივისცემით იყო აღსავსე და კეთილგანწყობილი ადამიანი, რაც სახლში მასწავლეს. მიხარია, რომ ესპანეთის თასი მოვიგეთ, როდესაც ფინალში „რეალის“ წინააღმდეგ თამაშობ, გული უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ფეხები.

„ინტერის“ წინააღმდეგ რთული მატჩი იქნება, ამ გუნდიდან ყველაზე მეტად ლაუტარო მომწონს, ასევე, ბარელა. „ინტერი“ ბურთითაც ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ კონტრშეტევაზეც. მოუთმენლობად ველოდებით ფინალში გასვლას და იმის ჩვენებას, თუ ვინ ვართ. ამბობენ, რომ ამპარტავანი ვარ? სანამ ვიმარჯვებ, ჩემზე ვერაფერს იტყვიან, როცა დავმარცხდები, შეუძლიათ, ისაუბრონ.

საკუთარ თავს არავის ვადარებ, არც მესის. აღფრთოვანებული ვარ ლეოთი, ის ისტორიაში საუკეთესოა. მხოლოდ განვითარებაზე ვარ ორიენტირებული, სხვა ფეხბურთელებთან შედარებას აზრი არ აქვს. თმას იმიტომ ვიღებავ, რომ დრო სწრაფად გავიდეს, სახლში მოწყენილი ვარ“, - თქვა იამალმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „ინტერის“ მატჩი 30 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169521