„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში „არსენალთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც ესპანელმა თქვა, მისთვის სიამოვნებაა პსჟ-ში მუშაობა. ლუის ენრიკემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და საპასუხო შეხვედრაშიც მოედანზე მოსაგებად გავლენ.
„დემბელეს მდგომარეობა ჯერ არ ვიცი, ხვალ ჩაუტარდება გამოკვლევა, სერიოზული არაფერია, მსუბუქი ტრავმაა, მაგრამ საპასუხო მატჩში მისი თამაში საეჭვოა. თუ ითამაშებს, ხომ კარგი, თუ არადა, მას სხვა ფეხბურთელი შეცვლის, რომელიც ბოლომდე დაიხარჯება.
თამაშს სხვადასხვა ფაზა ჰქონდა. ჩვენთვის დასაწყისი შესანიშნავი იყო, დიდი ზეწოლა იყო და ამ გოლმა თავდაჯერება შეგვმატა. მეორე ტაიმში „არსენალი“ უფრო დომინირებდა, შეიძლებოდა უფრო უარესი შედეგი მიგვეღო ან უკეთესი. ჩემი გუნდი კონკურენტუნარიანია, ამ გუნდის მწვრთნელობა სიამოვნებაა. მთელმა გუნდმა დაცვაში ბევრი იმუშავა, თავდამსხმელებმა, ნახევარმცველებმა, ყველამ, ბურთით და უბურთოდ, განსაკუთრებით კარგად სწორედ ბურთის გარეშე ვითამაშეთ. თანაგუნდელების დახმარების გარეშე თავს ვერ დაიცავ ისეთი ფეხბურთელებისგან, როგორებიც საკა, მარტინელი და ოდეგორი არიან.
ჩვენს მენტალიტეტს ყოველდღე ვაჩვენებთ, ემოციებით სავსე თამაში იყო, რთულად სათამაშო, წარმოუდგენელ ატმოსფეროში. სწრაფი გოლი თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანი იყო და ეს გოლი ძალიან ჰგავდა იმ გოლს, რომელიც „ენფილდზე“ გავიტანეთ.
პირველი მიზანი შესრულებულია, 1:0 მოვიგეთ, მაგრამ შეიძლებოდა 2:0 მოგვეგო ან მატჩი ფრედ დასრულებულიყო, თუმცა ეს არაფერს შეცვლიდა. ახლა მიზანია მეორე მატჩის მოგებაც, გათვლები საჭირო არაა, „არსენალს“ გოლის გატანა ნებისმიერ დროს შეუძლია, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, ამიტომ სახლში მოგება მოგვიწევს. შედეგი გასახარია, მაგრამ მხოლოდ დასაწყისია, საპასუხო მატჩში შანსი ორივე გუნდს ექნება. საპასუხო თამაში გულშემატკივრისთვის საინტერესო და მწვრთნელებისთვის სტრესული იქნება.
დონარუმა? მინდა, ხაზი გავუსვა ყველა ფეხბურთელის წვლილს. ჩვენი მეკარე ფასდაუდებელი იყო, მაგრამ დაცვის ხაზმა საოცრად ითამაშა, ნახევარდაცვამ შეტევამ, სწორედ ამან გახადა ეს შედეგი შესაძლებელი. ჯიჯო პირველი ნომერია, სწორედ ამიტომ დაიმატა ის პსჟ-მ.
ზოგადად, მინდა, 14-15 ფეხბურთელის შრომა გამოვყო. ამ შედეგს ვერ მიაღწევ, თუ არ გყავს 15 ფეხბურთელი, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რაც მოედანზე უნდა გააკეთოს“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი პარიზში 7 მაისს გაიმართება. პსჟ 19 შემთხვევიდან 18-ჯერ მომდევნო ეტაპზე გავიდა, როცა ევროთასის პლეი-ოფში პირველი მატჩი სტუმრად მოიგო. გამონაკლისია 2019 წელს „მანჩესტერთან“ მარცხი (2:0, 1:3).









