„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ განაცხადა, რომ ჩემპიონობა მათ ხელშია, მაგრამ ჯერ არაფერია მიღწეულია და რთული ბრძოლა ელოდებათ.
როგორც დი ლორენცომ აღნიშნა, „ნაპოლის“ ძალა ერთიანობაშია და როდესაც გუნდში ჯანსაღი ატმოსფეროა, მაშინ ყველაფერი უფრო მარტივია:
„6 წელია „ნაპოლიში“ ვარ, აქ ოჯახთან ერთად კარგად ვარ, ორი წლის წინ სკუდეტო მოვიგეთ და ვერასდროს წარმოიდგენდი, რომ მარადონასავით კაპიტანი ვიქნებოდი. აქ სახლი მაქვს, ჩემი შვილები ნეაპოლელები არიან. ყოველდღიურად ვცდილობ გუნდი და კლუბი საუკეთესოდ წარმოვადგინო.
როგორც კაპიტანს, კონტესთან უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს. მის მესიჯებს გუნდს გადავცემ. პირველივე დღიდან ჩვენს პირდაპირი, ღია და ახლო ურთიერთობაა. მთავარი გულწრფელობაა: კონტე ძლიერი მწვრთნელია, ეს მანამდეც ვიცოდი, როგორც მეტოქემ და ამ თვეებში ეს ყველაფერი დადასტურდა. გვიხარია, რომ ჩვენთანაა.
„ლეჩეს“ ვუსამძიმრებ ფიზიოთერაპევტის გარდაცვალების გამო, როგორც მის ოჯახს. ამ ამბავმა ჩვენზე ძალიან იმოქმედა. რთული მატჩი იქნება, ისინი დასარჩენად იბრძვიან და ეს ტრაგედია განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის, მაგრამ გვინდა, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ.
„ნაპოლის“ ძალა ერთიანი ჯგუფია. ყველა დიდი გამარჯვებისა და დიდი გუნდის უკან მყარი ჯგუფი დგას. სირთულეები მოვა, როგორც ყოველთვის, მაგრამ მთავარია, როგორი რეაქცია გვექნება. თუ გუნდი ჯანსაღია, შესაძლებლობების ზღვარზე მეტის გაკეთება უფრო ადვილი ხდება.
სეზონის საკვანძო ფაზაში ვართ. სკუდეტო თავიდან მიუღწეველი ჩანდა, მაგრამ ახლა იქ ვართ. რთულია, თუმცა ვიბრძვით, ყველაფერი ჩვენს ხელშია. შრომით და თავგანწირვით იქ ვართ, რთული იქნება, რადგან ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. არ ყოფილა ზუსტი მომენტი, როცა ჩემპიონობა დავიჯერეთ. ეს გზა თამაშიდან თამაშამდე ავაშენეთ. ახლა ბოლო ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, გუნდი ერთიანია, მიზნის სჯერა. როდესაც პირველ ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში ხარ, ეს შემთხვევითობა არასდროსაა“, - თქვა დი ლორენცომ.
„ნაპოლი“ სერია A-ს 34 ტურის შემდეგ ლიდერობს და „ინტერს“ 3 ქულით უსწრებს, ხოლო დარჩენილ ოთხ ტურში „ლეჩეს“, „ჯენოას“, „პარმასა“ და „კალიარის“ წინააღმდეგ 10 ქულის მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად ჩემპიონი გახდება, „ინტერის“ შედეგების მიუხედავად.







