„სან ანტონიოში“ დიდი ეპოქა დასრულდა: გრეგ პოპოვიჩმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
76 წლის ასაკში გრეგი კლუბში კალათბურთის ოპერაციების პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს, მაგრამ მწვრთნელი აღარ იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ თამაშისადმი სიყვარული და ვნება ისევ მაქვს, გადავწყვიტე, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის დროა. სამუდამოდ მადლიერი ვარ იმ მოთამაშეების, მწვრთნელების, პერსონალის და ფანების, რომლებმაც საშუალება მომცეს მათთვის მემსახურა“, - თქვა პოპოვიჩმა.
აღსანიშნავია, რომ გრეგმა გასული წლის ნოემბერში „მინესოტასთან“ საშინაო გამარჯვების შემდეგ მსუბუქი ინსულტი გადაიტანა და დარბაზში აღარ გამოჩენილა. ბოლო წლები „სპურსს“ წარუმატებელი აქვს, რადგან პლეი-ოფში 2019 წლის შემდეგ არ უთამაშია და ეს ვერც წელს მოახერხა.
გრეგ პოპოვიჩი „სან ანტონიოს“ 29 წლის განმავლობაში წვრთნიდა და მხოლოდ რეგულარულ სეზონში 1 422 თამაში მოაგებინა გუნდს, რაც მწვრთნელისთვის NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. მან „სპურის“ 5-ჯერ გააჩემპიონა, ბოლოს 2014 წელს. გარდა ამისა, პოპოვიჩმა 2020 წელს ამერიკის ნაკრებს ოლიმპიადა მოაგებინა, 2023 წელს კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ის იყო ამერიკის ნებისმიერ მსხვილ სპორტში ყველაზე დიდხანს მოღვაწე მწვრთნელი.
გრეგის წასვლის შემდეგ NBA-ში ახლა ერიკ სპოელსტრაა ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი ხანია უდგას ერთ გუნდს, რომელიც 2008-2009 წლების სეზონიდან „მაიამიში“ მუშაობს.