ფეხბურთი

12:12 | 4.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენის" მწვრთნელი: "ზურიკოს გოლის შემდეგ მეგონა, რომ დადებით იმპულსს განვავითარებდით"

„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანმა „მონაკოსთან“ მატჩის (1:3) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, იმედი ჰქონდა, რომ ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე გოლის შემდეგ დადებით იმპულსს განავითარებდნენ, მაგრამ გოლი ძალიან სწრაფად გაუშვეს, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა.

„რთული დასაწყისი იყო, გოლი სწრაფად გავუშვით და ემოციების მართვა უფრო გართულდა, ბრძოლა მოგვიწია, ეს სეზონის დასაწყისიდან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა. ვცდილობდით, რომ ბურთისთვის გვებრძოლა, მაგრამ ჩვენს მოთამაშეებს შორის ძალიან დიდი მანძილი იყო, ბურთისგან ძალიან შორს ვიყავით, როცა მას ვკარგავდით.

მეორე ტაიმში ვიბრძოლეთ, ზურიკო დავითაშვილის წყალობით გავიტანეთ და იმ მომენტში სტადიონზე ატმოსფერო საოცარი გახდა. ამის შემდეგ ვიფიქრე, რომ ამ იმპულსს განვავითარებდით, მაგრამ სამი წუთის შემდეგ თავი ცუდად დავიცავით. თავს ისე ვერ ვიცავდით, როგორც საჭირო იყო. თუმცა, ჯერ კიდევ მჯერა, რომ გადარჩენა შესაძლებელია“, - თქვა ჰორნელანმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტიც მოიპოვა.

„სენტ ეტიენი“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 27 ქულით გასავარდნ ზონაშია, ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე, მომდევნო ტურში კი, 10 მაისს, სტუმრად „რეიმსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094818