ასეთი უცნაური სათაური განა იმიტომ დავარქვით, რომ ვინმეს კარის ღრიჭოში ჭვრიტინი გვიყვარს? ამჟამად მამაკაც ჩოგბურთელთა შორს ყველაზე მაღალრეიტინგულ მეჩოგნეს, იტალიელ იანიკ სინერსა და ხაშურელ ტრაილერის მძღოლს ბატონ გუჯას მართლაც მნიშვნელოვანი საერთო აქვთ და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს ყველაფერი ქალებს უკავშირდება.
იანიკს გუჯას მსგავსად ნამეტანი უყვარს რუსი ქალები და თუკი გუჯა მთელს ხაშურს ტვინს უბურღავს რუსეთში ვაშლის წაღების შემდეგ რუს ქალებზე „გამარჯვებების“ ამბებით, იტალიელი მეჩოგნე „დიად გამარჯვებებს“ ჩვენს დროშიც ახორციელებს და რუს სატრფოებს ისე მარტივად ცვლის, როგორც ბატონი გუჯა ტრაილერის საბურავს.
გულისსწორთან, რუს ჩოგბურთელ ანა კალინსკაიასთან დაშორების შემდეგ, სინერის შეყვარებულის ვაკანტური ადგილი უმალ დაიკავა ასევე რუსმა მოდელმა ლარა ლეიტომ, რომელიც ვაჟზე მთელი რვა წლით უფროსია, თუმცა „იმ ამბავში“ ასაკს რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, ალა პუგაჩოვას საწმერთული კრემლის თავზე ეკიდებოდა წითელი ვარსკვლავის მაგივრად.









