იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ავტობიოგრაფია გამოსცა და იტალიურ მედიაში გავრცელდა ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელიც „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ეხება.
სპალეტი დეტალურად აღწერს, რომ დე ლაურენტისთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა „ნაპოლიში“ მუშაობის ორწლიან პერიოდში.
„წარსულის თავი დავხურე, მაგრამ „ნაპოლი“ და ნეაპოლიტანელები ჩემი წარსული არასდროს იქნებიან. გუნდიდან წავედი, რადგან არ მქონდა სურვილი უწყვეტი კონფლიქტური ურთიერთობის შენარჩუნების ნიჭიერ მეწარმესთან, რომელთანაც ქალაქი ბევრ რამეში ვალშია, მაგრამ, რომელსაც, ძალიან, ძალიან დიდი ეგო აქვს - აურელიო დე ლაურენტისი. პრეზიდენტი იყო ის, ვინც ყველაფერს წყვეტდა, იყო თუ არა, სწორი ესა თუ ის არჩევანი, ყველა საკითხზე ბრძოლით დავიღალე, სასტუმროების გამუდმებული შეცვლით, მაისურების კონტროლით და ბევრი სხვა. მოკლედ, „ნაპოლიში“ ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ერთდროულად ორ მატჩს ვთამაშობდი: ერთს მეტოქე გუნდთან და მეორეს პრეზიდენტთან. მუდმივი დაპირისპირება, ხშირად ჩხუბის ზღვარზე.
ჩემპიონები რომ გავხდით, მას არც კი დაურეკავს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქალაქი სიხარულისგან გაგიჟდა. იმ საღამოს არ დაურეკავს, არც მწვრთნელთან, არც ფეხბურთელებთან, არც დირექტორთან, არავისთან, მეორე დღეს დაგვირეკა. დღეს ბევრი მეკითხება, კი, მაგრამ პრეზიდენტი სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, მეტი ყურადღება და მგრძნობელობა გამოეჩინა, სხვა არჩევანს გააკეთებდით? დარჩებოდით თუ არა „ნაპოლიში“? ეს არის შეკითხვა, რომელსაც ყოველთვის გავურბოდი, მაგრამ პასუხია კი, მეტი ადამიანური პატივისცემის, დიალოგისა და გახსნილობის შემთხვევაში, რათა გვესაუბრა, თუ რა იყო საჭირო ისევ გამარჯვებისთვის, „ნაპოლიში“ დავრჩებოდი. მიუხედავად ყველაფრისა, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი ყოველთვის მადლობელი ვიქნები, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელობის შესაძლებლობა მომცა“, - დაწერა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ ლუჩანო სპალეტი 2021-2023 წლებში მუშაობდა და გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.