მილანის „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. და, ძნელია გაიხსენო, ვინ გავიდა ფინალში ასე დრამატულად, ასე საოცრად, ასეთი ტურბულენტური თამაშით ფინალში.
ჩემპიონთა ლიგის ისტორია ბევრ დიდებულ ნახევარფინალს ინახავს, მაგრამ რთულად გასახსენებელია დაპირისპირება, რომელშიც ორივე მატჩი ასეთი საოცარი გამოდგა. ბარსელონური 3:3-ს შემდეგ მილანში კიდევ უფრო შთამბეჭდავი თამაში გამოვიდა.
პირველი ტაიმი „ინტერის“ იყო. სიმონე ინძაგის გუნდმა სრულად გამოიყენა „ბარსას“ სისუსტეები დაცვაში და შესვენებამდე სერიოზული უპირატესობა მოიპოვა. დენზელ დუმფრისის პასით, რომელიც ამ ორრაუნდიან დუელში საუკეთესო იყო, ლაუტარო მარტინესმა გახსნა ანგარიში. შემდეგ არგენტინელმა, რომელსაც თითქოს, ტრავმის გამო საერთოდ ვერ უნდა ეთამაშა, პენალტიც მოიპოვა, რომელიც ჰაკან ჩალჰანოღლუმ გოლად აქცია - 2:0. ანგარიშიდან და თამაშის სცენარიდან გამომდინარე „ბარსელონა“ განწირული ჩანდა, რადგან ჰანსი ფლიკის გუნდს პირველ ტაიმში უბრალოდ არაფერი გამოსვლია.
თუმცა, მეორე ტაიმში სტუმრები გარდაიქმნენ. მოედანზე თითქოს სხვა გუნდი გამოვიდა და მალევე ანგარიშის სხვაობა შემცირდა: ჟერარ მარტინის პასით ერიკ გარსიამ გაიტანა და ბარსა თამაშში დააბრუნა. სულ მალე იგივე ფეხბურთელების კომბინაცია ვიხილეთ, მაგრამ გარსიამ გაცილებით მარტივ სიტუაციაში ამჯერად გატანა ვერ შეძლო, იან ზომერი გაისარჯა დიდებულად, მაგრამ გარსიას ნორმალურად რომ დაერტყა, შვეიცარიელ მეკარეს შანსი ნამდვილად არ ექნებოდა.
„ბლაუგრანამ“ მალევე გაათანაბრა, პირველი გოლიდან ექვს წუთში: მარტინის კიდევ ერთი კარგი პასი, ამჯერად დანი ოლმოზე, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმი აბსოლუტურად განსხვავდებოდა პირველისგან, „ბარსელონა“ აკონტროლებდა ყველაფერს, „ინტერი“ მხოლოდ თავს იცავდა და არაფერი გამოსდიოდა. კატალონიელები უახლოვდებოდნენ მესამე გოლს, რომ არა იან ზომერი აუცილებლად გაიტანდნენ. 88-ე წუთზე მიზანს მაინც მიაღწეს, როცა რაფინიამ გაისროლა და შესანიშნავი გოლით „ბარსელონამ“ დააქამბექა...
სიტუაციიდან გამომდინარე უკვე „ინტერი“ ჩანდა უშანსოდ, არაფერი გამოსდიოდა, თამაში „ბარსასი“ იყო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ესპანელებმა მეოთხეც ლამის შეაგდეს, რაც ყველაფერს დაასრულებდა, მაგრამ ლამინ იამალის დარტყმა ძელს მოხვდა... ეს თითქოს, ფორტუნა იყო, ზემოდან დაწერილი ამბავი. ერთ წუთში „ინტერმა“ გაათანაბრა! არსაიდან, გოლს არაფერი რომ არ მოასწავებდა, მაგრამ მარტინს ფეხი დაუცდა, დუმფრისმა ჩააწოდა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე იდგა ცენტრალური მცველი ფრანჩესკო აჩერბი, რომელმაც გამოცდილი ფორვარდივით, ერთი შეხებით ბრწყინვალე გოლი გაიტანა. აჩერბი იქ სტანდარტულის გამო არ იყო, უბრალოდ შეტევაში გამიზნულად ჩაერთო, თავდამსხმელის როლში სათამაშოდ.
ეს მოხდა 93-ე წუთზე და „ბარსელონას“ კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა შემდეგ, იამალი ზომერთან პირისპირ დარჩა და საშინლად დაარტყა. ისევ 3:3, როგორც ბარსელონაში და ზოგადად, ეს ამ გუნდების ბოლო სამ დაპირისპირებაში მესამე 3:3 იყო...
დაინიშნა დამატებითი დრო და იქ უკვე „ბარსელონა“ დემორალიზებული იყო, გუნდი ბოლო წუთებზე გაშვებულმა გოლმა გატეხა, მუხტი დაიკარგა და თამაშის ისრები ისევ იტალიური გუნდისკენ გადაიხარა. ლოგიკური იყო, რომ 99-ე წუთზე „ინტერმა“ ისევ გაიტანა. დავიდე ფრატეზის უნაკლო დარტყმით მილანური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ბოლო სამ სეზონში მეორედ, ხოლო მესამედ, რაც ამ ტურნირის ჩემპიონთა ლიგა ეწოდება (1992 წლიდან).
„ბარსელონას“ დამატებით დროში კიდევ შეეძლო გათანაბრება, მაგრამ ზომერმა იამალს სასწაული ბურთი აუღო, შვეიცარიელმა მეკარემ კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული თამაში ჩაატარა და წარმატებაში წონადი წვლილი შეიტანა.
ინტერის მეტოქე პარიზში გაირკვევა, სადაც „პარი სენ-ჟერმენი“ „არსენალს“ უმასპინძლებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება.
„ინტერი“ – „ბარსელონა“ 4:3 დ.დ (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 7:6
მილანი, „სან სირო“
„ინტერი“ (3-5-2): ზომერი; ბისეკი (დარმიანი 71), აჩერბი, ბასტონი; დუმფრისი (დე ვრეი 108), ბარელა, ჩალჰანოღლუ (ჟიელინსკი 79), მხითარიანი (ფრატეზი 79), დიმარკო (კარლოს აუგუსტო 55); ლაუტარო მარტინესი (ტარემი 71), ტურამი
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
„ბარსელონა“ (4-3-3): შჩესნი; გარსია (ფორტი 98), კუბარსი (გავი 106), ინიგო მარტინესი (არაუხო 76), მარტინი; დე იონგი, დანი ოლმო (ფერმინი 83), პედრი (ვიქტორი 106); იამალი, ფერანი (ლევანდოვსკი 90), რაფინია
მწვრთნელი: ჰანსი ფლიკი
გოლები: 1:0 ლაუტარო (21), 2:0 ჩალჰანოღლუ (45, პენ), 2:1 გარსია (54), 2:2 დანი ოლმო (60), 2:3 რაფინია (88) 3:3 აჩერბი (90), 4:3 ფრატეზი (99)
გაფრთხილება: ჩალჰანოღლუ (36), მხითარიანი (69), აჩერბი (95), კარლოს აუგუსტო (90), ბასტონი (118) - ინიგო მარტინესი (51)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (7) – 22 (10) ბურთის ფლობა: 29%-71% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 9:2
მსაჯი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)