ფეხბურთი

3:46 | 8.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰაკიმი: "ჩვენი ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ფინალში გასვლა დავიმსახურეთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა აშრაფ ჰაკიმიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ ისაუბრა.

როგორც მაროკოელმა მცველმა თქვა, ეს დაიმსახურეს, რადგან სეზონის რთული სტარტის მიუხედავად, საკუთარი თავის სჯეროდათ:

„ამ მომენტის აღწერა შეუძლებელია, რომელსაც ოთხი წლის წინ, პარიზში ჩასვლიდან ველოდი, ისტორიის შექმნის სურვილით. ახლა გვინდა, რომ ამ მომენტით დავტკბეთ გულშემატკივრებთან ერთად, რომლებიც ამას იმსახურებენ. რით ვამაყობ ყველაზე მეტად? გუნდის მიერ გაწეული სამუშაოთი. ამ შეჯიბრში ძალიან რთული პერიოდები გვქონდა. მახსოვს, როდესაც ჩემპიონთა ლიგიდან თითქმის გამოვეთიშეთ, ბევრი ადამიანი არ იყო, ვისაც ამ გუნდის და ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს სჯეროდა. რაც ყველაზე მეტად მეამაყება ამ გუნდში, ეს არის ის დამოკიდებულება და ხასიათი, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ გამოვავლინეთ. ვფიქრობ, ამას ვიმსახურებთ, ისევე როგორც ჩვენი ოჯახები, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ.

სეზონი რთული იყო, რადგან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ გვჯეროდა ჩვენი თავის და აქამდე მოვედი, რაც დავიმსახურეთ. ჩემთვის „ინტერთან“ თამაში განსაკუთრებული იქნება, ყოფილ თანაგუნდელებს შევხვდები, იქ ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი გავატარე, სკუდეტოც მოვიგე. თუმცა, პსჟ-ზე ვარ კონცენტრირებული, მნიშვნელოვანი მისია გვაქვს. ზომერი? ის ძლიერი მეკარეა, მაგრამ ჩვენ დონარუმა გვყავს,მ რომელიც უფრო ძლიერია.

ლუის ენრიკე საოცარი მწვრთნელია, მოსვლის დღიდან ბევრი იმუშავა და შესანიშნავი გუნდი შექმნა“, - თქვა ჰაკიმიმ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ფინალში ისტორიაში მეორედ გავიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე მილანის „ინტერი“ იქნება.

ეს იქნება 2004 წლის შემდეგ პირველი ფინალი, რომელშიც ესპანური, ინგლისური და გერმანული გუნდი არ იქნება, 2004 წელს, ფინალში "პორტუმ და "მონაკომ" ითამაშეს. გარდა ამისა, 1993 წლის შემდეგ პირველად ფინალი ფრანგულ-იტალიური იქნება, მაშინ "მარსელმა" "მილანი" დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ ის ფინალიც მიუნხენში გაიმართა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098996