ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი გახდება. ესპანელმა დაადასტურა, რომ „ლევერკუზენს“ ტოვებს.
„დორტმუნდისა“ და „მაინცის“ წინააღმდეგ მატჩები მისთვის „ფარმაცევტთა“ რიგებში ბოლო იქნება. შესაბამისად, "რეალში" ჩაბის გადაბარგება პრაქტიკულად მხოლოდ დროის საკითხია.
„დროა დავადასტურო, რომ ეს ჩემი ბოლო ორი თამაში იქნება „ლევერკუზენში“. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო „ლევერკუზენს“, ჩემს ფეხბურთელებსა და პერსონალს, კლუბის ყველა თანამშრომელს და გულშემატკივრებს. ჩვენი წარმატება გუნდური მუშაობის განსაკუთრებული შედეგი იყო“, - თქვა ესპანელმა.
გერმანულმა კლუბმაც ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ ჩაბი კლუბს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალში“ 2009-2014 წლებში თამაშობდა და 236 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ის „ლევერკუზენს“ 2022 წლიდან უდგას სათავეში და გერმანულ გუნდს თითოჯერ მოაგებინა ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის სუპერთასი, გარდა ამისა, ევროპა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.