თომას მიულერმა მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით „ალიანს არენაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა.
„გლადბახთან“ თამაშის შემდეგ საჩემპიონო ზეიმის გარდა, მიულერის გაცილების ცერემონიაც გაიმართა. ვეტერანმა გერმანელმა კი, ფანებს მიმართა:
„ძვირფასო მეგობრებო, ყველამ ვიცოდით, რომ ეს მომენტი დადგებოდა. მეც ვიცოდი და ძალიან მიხარია, რომ ეს თასი მიუნხენში დაბრუნდა. შესაძლოა, ბევრისთვის და თუნდაც ჩემთვის, ეს რთული მომენტია, მაგრამ ასევე, ძალიან, ძალიან ლამაზი. ეს პატივისცემა, რომელსაც თქვენ ჩემდამი იჩენთ და რაც მომანიჭეთ, უნიკალურია. 25 წლის განმავლობაში, ამ კლუბთან ერთად ბევრი რამ მოხდა. სტადიონი ყოველთვის სავსეა, არ აქვს მნიშვნელობა როდის და ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, როდესაც ამას შორიდან უყურებენ da მთელი მსოფლიო მიუნხენს უყურებს, ბევრს შურს ამ საფეხბურთო სტადიონის გამო. ეს ტაძარია, თქვენ მას ტაძრად აქცევთ“, - თქვა მიულერმა.
შეგახსენებთ, რომ თომას მიულერმა „ბაიერნში“ 750 მატჩში 248 გოლი გაიტანა და 274 საგოლე პასი გააკეთა. მან 33 ტიტული მოიგო, მათ შორის, 13-ჯერ ბუნდესლიგა, 6-ჯერ გერმანიის თასი, 8-ჯერ გერმანიის სუპერთასი, ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.






