„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ჯენოასთან“ მატჩის (2:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამ ფრეს მწარე გემო აქვს, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში 6 ქულისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
„ეს ფრე ცოტა რამეს თუ შეცვლის, იმას გავაკეთებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ორი მატჩი რჩება, ისევ პირველ ადგილზე ვართ. ბონუს დავკარგეთ, სამწუხაროა, რადგან ბიჭებმა დღეს მეტი დაიმსახურეს. როდესაც კარში 11-ჯერ ურტყამ და მეტოქე ორი დარტყმიდან ორ გოლს გაიტანს, სიმწარის გემო არსებობს, მაგრამ ეს ფეხბურთის ნაწილია, დეტალებში ზუსტი ვერ ვიყავით. ორი გოლი თავური დარტყმით გავუშვით და უკეთ მოქმედება შეგვეძლო, ბილინგი მოედანზე სწორედ ამიტომ შევიყვანე, რომ მეორე სართულზე გვეთამაშა, მაგრამ გოლი მაინც თავით გავუშვით.
თუმცა, ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს, მართლა ყველაფერი. ვეცდებით, ბოლო ორ მატჩში მაქსიმუმი გავაკეთოთ და მოიგოს მან, ვინც იმსახურებს, არ ვიტყვი, რომ საუკეთესომ.
რა თქმა უნდა, როცა გოლს უშვებ, რაღაც ყოველთვისაა გასაუმჯობესებელი. დასანანია, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ახლა წინ ორი რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ყველაფერი ისევ ჩვენს ხელშია და ჩემპიონობა თუ გვსურს, 6 ქულა უნდა მოვიპოვოთ. გვინდა, რომ გავაგრძელოთ ოცნება ჩვენი ფანების გახარებასთან დაკავშირებით“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ კვლავ ლიდერია, 78 ქულა აქვს, „ინტერს“ ერთადერთი ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ ტურში შეცდომის უფლება აღარ აქვს.
მომდევნო ტურში „ნაპოლი“ „პარმას“ სტუმრად შეხვდება, „ინტერი“ „ლაციოს“ უმასპინძლებს, ხოლო ბოლო ტურში „ინტერი“ „კომოსთან“ გასვლაზე ითამაშებს, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „კალიარისთან“.






