„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი „ვესტ ჰემთან“ „ოლდ ტრაფორდზე“ მარცხის (0:2) შემდეგ კრიტიკული იყო.
როგორც მან თქვა, რცხვენია, როდესაც პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს უყურებს:
„ვკარგავთ იმის განცდას, რომ დიდი კლუბი ვართ და რომ, საშინაო მატჩის წაგება სამყაროს დასასრულია. „მანჩესტერ იუნაიტედში“ თუ თამაშის წაგების არ გეშინია, ეს ყველაზე სახიფათო რამეა, რაც დიდ კლუბს შეიძლება დაემართოს. აქ ყველა სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ბევრ რამეზე, ყველა ევროპა ლიგის ფინალზე ფიქრობს, მაგრამ პრობლემა ფინალი არაა. უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი. ვსაუბრობ საკუთარ თავზე, კლუბის და გუნდის კულტურაზე, ეს უნდა შევცვალოთ.
კლუბის ისტორიაში გადამწყვეტი მომენტია, ზაფხულში კარგად უნდა ვიმუშაოთ, რადგან არ შეიძლება ასეთი სეზონის კიდევ ჩატარება. თუ ასე გავაგრძელებთ, მაშინ სხვა ადამიანებისთვის ადგილი უნდა გამოვათავისუფლოთ. 1931 წლის შემდეგ ყველაზე ცოტა ქულა გვაქვს, როცა „იუნაიტედი“ გავარდა, მრცხვენია, როდესაც პრემიერლიგის ცხრილს ვუყურებ, ევროპა ლიგის ფინალში გასვლა და თუნდაც ამ ტიტულის მოგება, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, გამართლება არ უნდა იყოს“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 36 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში 39 ქულით მე-16 ადგილზეა.









