2026 წელს ხელბურთის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, ტურნირში ყველა (24 ნაკრები) მონაწილის ვინაობა ცნობილი გახდა, სადაც ზედიზედ მეორედ მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
ფინალური ეტაპი 2026 წლის იანვარში გაიმართება, რომელსაც დანია, შვედეთი და ნორვეგია უმასპინძლებს. დღეს ცნობილი გახდა კენჭისყრის კალათები, საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ იოლი მეტოქეები ნამდვილად არ ელოდება.
კალათებში გუნდები ასეთი პრინციპით გადანაწილდნენ - შესარჩევ ეტაპზე პირველ ადგილზე გასული - გერმანია, უნგრეთი და სლოვენია რეიტინგით მოხვდნენ პირველ კალათაში, ევროპის ჩემპიონ (საფრანგეთი) და ორ მასპინძელთან (დანია, შვედეთი) ერთად. დანარჩენი 5 პირველადგილოსანი, მასპინძელ ნორვეგიასთან ერთად მეორე კალათაში განითესა. მეორე ადგილოსანი 6 გუნდი რეიტინგის მიხედვით იკავებს ადგილს მესამე კალათაში, ხოლო ორი მეორე ადგილოსანი, საქართველო და სერბეთი, 4 მესამეადგილოსანთან ერთად მეოთხე კალათში მოთავსდება.
1 კალათა: საფრანგეთი (ევროპის ჩემპიონი) დანია, შვედეთი (მასპინძლები), გერმანია, უნგრეთი, სლოვენია.
2 კალათა: პორტუგალია, ნორვეგია (მასპინძელი), ისლანდია, ხორვატია, ესპანეთი, ფარერები.
3 კალათა: ავსტრია, ნიდერლანდები, მონტენეგრო, ჩეხეთი, პოლონეთი, ჩრდილო მაკედონია.
4 კალათა: საქართველო, სერბეთი, შვეიცარია, რუმინეთი, უკრაინა, იტალია.
კენჭისყრა 15 მაისს დანიაში გაიმართება, სადაც ექვსი ოთხგუნდიანი ქვეჯგუფი გამოვლინდება. საქართველოს ნაკრებს თითო მეტოქე შეხვდება 1, 2 და 3 კალათიდან. ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე 2-2 გუნდი გადის.









