მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა „მალიორკასთან“ მატჩის წინ.
ეს იყო პირველი პრესკონფერენცია, რომელიც იტალიელმა ჩაატარა ბრაზილიის ნაკრებში მისი დანიშვნის შემდეგ. ბუნებრივია, საუბარიც ძირითადად, სწორედ ამ თემას დაეთმო.
„ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს პრესკონფერენცია რომ არ ყოფილიყო, ფანტასტიკური იქნებოდა, რადგან არ ვიცი, ახლა რისი თქმა შემიძლია. ჯერ კიდევ „რეალში“ ვარ და მინდა, კლუბს ბოლო დღემდე პატივი ვცე. რა თქმა უნდა, მსურდა ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ.
26 მაისიდან ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ვიქნები და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა მელოდება. თუმცა, მანამდე მინდა „რეალში“ ეს ფანტასტიკური თავგადასავალი კარგად დავასრულო. ვიცი, რომ ახლა გაინტერესებთ რას ვფიქრობ, მაგრამ მე პატივს ვცემ „რეალის“ ფეხბურთელებს და ფანებს.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ განცხადება უკვე გააკეთა, „რეალი“ მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა საჭიროდ ჩათვლის, არანაირი პრობლემა არ არსებობს.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერი დასრულდებოდა. აქ დიდი სიამოვნება მივიღე, მაგრამ დგება მომენტი, როცა რაღაცები სრულდება. ფეხბურთი ცხოვრებასავითაა: რაღაცები იწყება და მთავრდება. 26-დან ახალი გამოწვევა დაიწყება, მე არასდროს მქონია პრობლემა კლუბთან და არც არასდროს მექნება. ბევრი ტიტული მოვიგეთ, რასაც არასდროს დავივიწყებ.
„თუ „რეალში“ დაბრუნების დღეს ვინმე მეტყოდა, რომ ოთხ წელიწადში 11 ტიტულს მოვიგებდით, ამაზე მაშინვე ხელს მოვაწერდი. დაუვიწყარი პერიოდი იყო, არ მაქვს სინანულის განცდა, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე და ტიტულები ყველაფერზე მეტყველებენ, უბრალოდ მინდა, აქ ბოლო დღეები ფანტასტიკური იყოს.
არასოდეს მიფიქრია, რომ „რეალს“ მე არ ვუნდოდი, ამ კლუბს ვუყვარვარ, არ შემეძლო აქ მთელი ცხოვრება დარჩენა, ისტორიები რაღაც მიზეზებით სრულდებიან. კლუბს ალბათ სჭირდება ახალი ბიძგი, დრამის შექმნა საჭირო არაა. მადლობა კლუბს, მთელი ცხოვრება „რეალის“ გულშემატკივარი ვიქნები. ეს არის ციკლი, რომელიც იხურება, არასოდეს მიფიქრია, რომ „რეალში“ 6 წელი ვიმუშავებდი, ალბათ მოვიდა ცვლილების დრო, ეს ნორმალურია და გადაწყვეტილება ორივე მხარემ გავიზიარეთ. „ბერნაბეუზე“ დაუვიწყარი საღამოები გამოვიარეთ.
ჩაბი ალონსოს ჩემი რჩევები არ სჭირდება, ყველანაირი ინსტრუმენტი აქვს, რომ „რეალის“ მომავალი მწვრთნელი გახდეს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი „რეალში“ 2013-2015 და 2021-2025 წლებში მუშაობდა. მან „სამეფო კლუბს“ ორ-ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა, ხოლო სამ-სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი.
65 წლის მწვრთნელს „რეალის“ გარდა, „რეჯანაში“, „პარმაში“, „იუვენტუსში“, „მილანში“, „ჩელსიში“, პსჟ-ში, „ბაიერნში“, „ნაპოლისა“ და „ევერტონში“ აქვს ნამუშევარი. კარიერის საწყის ეტაპზე კი, იტალიის ნაკრებში არიგო საკის სამწვრთნელო შტაბშიც იყო დასაქმებული.
კარლო ანჩელოტის დებიუტი ბრაზილიის ნაკრებში 6 ივნისს, ეკვადორის წინააღმდეგ მატჩში შედგება.






