იტალიის თასის ფინალში „მილანი“ – „ბოლონიას“ 14 მაისს დაუპირისპირდება. ეს გუნდები ოთხი დღის წინ სერია A-ში შეხვდნენ და „მილანმა“ 3:1 მოიგო, თუმცა „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი სერჟიო კონსეისაო ახლა განსხვავებულ მატჩს ელოდება.
როგორც მან თქვა, თასის მოგება ფანებისთვის ერთგვარი შვება იქნება ძალიან რთულ სეზონში:
„სიმძიმე და წნეხი „მილანის“ ნაწილია, ამას ყოველდღე ვგრძნობთ. დიდ კლუბში ეს ნორმალურია, მაგრამ ხვალ ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ და მეტოქეზე. ჩემი პირველი სამი თვე აქ ძალიან რთული იყო, ახლა ჩემს პერიოდში საუკეთესო ფორმაში ვართ. ჩვენი, მწვრთნელების ბედი საბოლოოდ, შედეგებზეა დამოკიდებული.
რომის „სტადიო ოლიმპიკომ“ კარიერაში არაერთი ბედნიერი მომენტი მაჩუქა, მაგრამ მაშინ ფეხბურთელი ვიყავი, დიდი დრო გავიდა. ხვალ ყოველ დუელში ისე უნდა ვიბრძოლოთ, თითქოს, უკანასკნელი იყოს. ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, რადგან ვიცით, რომ „ბოლონია“ ამჯერად განსხვავებულად ითამაშებს, ვიდრე სამი დღის წინ. კარგად მოვემზადეთ და ხვალ კარგი თამაშის იმედი მაქვს.
იოვიჩი თუ ხიმენესი? არ გეტყვით, ეს მათაც არ იციან. რა თქმა უნდა, ტიტული გულშემატკივრებისთვის კმაყოფილება იქნებოდა ძალიან რთულ სეზონში. გაბრაზებული ვჩანვართ, მაგრამ შინაგანად უდიდეს სიამოვნებას ვგრძნობთ ფინალში ყოფნით. შიში არ გვაქვს, სამაგიეროდ, არსებობს ტიტულის მოგების სურვილი.
ლეაუ კარგადაა, გუნდის განკარგულებაშია. „ბოლონიასაც“ დაუბრუნდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ნდოიე, ოდგორი, ჰოლმი არიან, ვფიქრობ, ფერგიუსონიც ითამაშებს. საბოლოო ჯამში, გუნდი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ინდივიდი“, - თქვა კონსეისაომ.
შეგახსენებთ, რომ „მილანს“ იტალიის თასი 22 წელია არ მოუგია, ბოლოს 2003 წელს მოიპოვა ეს ტიტული, ხოლო „ბოლონიას“ კიდევ უფრო დიდი ხანია - კოპა იტალია „როსობლუმ“ ბოლოს 1974 წელს მოიპოვა და ჯერჯერობით, ეს ბოლონიელთა ბოლო ტიტულია.