ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლა ლიგამ გიორგი მამარდაშვილი დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ყვითელი ბარათი მიიღო და პენალტიც აიკიდა.
თუმცა, ეს უფრო მსაჯის, ხესუს ხილ მანსანოს შეცდომა იყო. გიორგიმ თამაშის შემდეგ თქვა, რომ ვერასდროს გაიგებს, პენალტი რატომ დაინიშნა:
„ჩემთვის ეს პენალტი არაა და ვერასდროს გავიგებ, რატომ დაინიშნა. „ალავესის“ ფეხბურთელებმაც გვითხრეს, რომ პენალტი არ იყო. გამეორებაც ვნახე და იგივეს ვფიქრობ.
უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ კიდევ ორი მატჩი რჩება. ამ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია, „ალავესის“ ფეხბურთელები ყოველი ბურთისთვის იბრძოდნენ. ადგილი შევინარჩუნეთ, მაგრამ ეს გუნდი არასდროს დანებდება და არასდროს შეწყვეტს ბრძოლას“, - განაცხადა მამარდაშვილმა.
მატჩის ერთადერთი გოლის ავტორმა ჟოან ჯორდანმა გიორგი შეაქო და თქვა, რომ პენალტის დანიშვნით თვითონაც გაკვირვებული იყო:
„მამარდაშვილი ძალიან კარგი იყო, საოცარი. პირველ ტაიმში ორი-სამი აშკარა საგოლე მომენტი გვქონდა, საბოლოოდ, ასე მოხდა, მე გავიტანე, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიტანა, მთავარი გამარჯვება იყო“, - აღნიშნა მან.
გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 32 მატჩი აქვს ჩატარებული და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
„ვალენსია“ 22 თებერვლის შემდეგ პირველად დამარცხდა (6 მოგება, 4 ფრე ამ პერიოდში) და 45 ქულით მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 18 მაისს, „ბილბაოს“ უმასპინძლებს.






