„ლიონმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ანჟერი“ 2:0 დაამარცხა და ევროტურნირებზე გავიდა.
პაულუ ფონსეკამ გიორგი მიქაუტაძე ისევ არ ათამაშა ძირითად შემადგენლობაში, მხოლოდ 79-ე წუთზე შეუშვა მოედანზე, ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად.
ზოგადად, ეს მატჩი ლაკაზეტის გაცილების იყო, რომელმაც ბოლოჯერ ითამაშა „ლიონში“ და დუბლი შეასრულა. ფრანგმა ჯერ პენალტით გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ რიაან შერკის გადაცემით დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ლაკაზეტმა „ლიონში“ 201 გოლით დაასრულა გამოსვლა, ზაფხულში ის სხვა გუნდში გადავა.
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით 2024-2025 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 47 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 10-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 34 მატჩი, 11 გოლი და 6 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 11 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.
„ლიონმა“ სეზონი 57 ქულით მეექვსე ადგილზე დაასრულა, მაგრამ ჯერ გასარკვევია, რომელ ევროთასზე ითამაშებს: „ლიონი“ ევროპა ლიგაზე გავა თუ საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ „რეიმსთან“ გაიმარჯვებს, ხოლო თუ თასის ფინალს „რეიმსი“ მოიგებს, რისი შანსი დიდი არაა, „ლიონს“ კონფერენს ლიგაზე მოუწევს გამოსვლა.
ლიგა 1-ს ყველა ვერდიქტი: პსჟ ჩემპიონია, ჩემპიონთა ლიგაზე მასთან ერთად „მარსელი“, „მონაკო“ და „ნიცა“ ითამაშებენ. ევროპა ლიგაზე გავიდა „ლილი“, „ლიონის“ ამბავზე უკვე ვთქვით, თუ თასის ფინალს პსჟ მოიგებს, „სტრასბური“ კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.
ლიგა 2-ში გავარდნენ „მონპელიე“ და „სენტ ეტიენი“, ხოლო გადასარჩენ პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა თასის ფინალისტ „რეიმსს“, რომელიც ლიგა 2-ის მესამეადგილოსან „მეცს“ შეხვდება. ლიგა 2-დან ლიგა 1-ში აღზევდნენ "ლორიენი" და "პარიზი".






