ფეხბურთი

22:02 | 21.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ოთხწლიანი შრომის დაგვირგვინება იქნებოდა"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.

როგორც იტალიელმა აღნიშნა, თუ მოიგებენ, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებენ, ეს იქნება 4-წლიანი შრომის დაგვირგვინება:

„ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გრძელი გზა გავიარეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარეთ. ყველა „ბარსელონასთან“ ორ მატჩზე საუბრობს, მაგრამ „ბაიერნის“ დამარცხებაც ურთულესი იყო, რადგან დიდებული გუნდია, ორგანიზებული და ფიზიკურად ძლიერი. მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ეს ინტენსიური და დაძაბული მატჩები იყო. ამ წლებში დიდებული გზა გავიარეთ, ორი ფინალი ბოლო სამ წელში ყველას მხრიდან შრომის და თავგანწირვის შედეგია.

ყველას კარგად გვახსოვს წინა ფინალი, თანაბრად ვეთამაშეთ შესანიშნავ „მანჩესტერ სიტის“. ალბათ, მაშინ დამატებით დროში თამაში მაინც დავიმსახურეთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იმ მატჩმა დიდი თავდაჯერება მოგვცა.

არ ვფიქრობ, რომ პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ცოტა ასაკოვანი გუნდი გვყავს. პირიქით, ეს ძალიან გეხმარება რთულ მომენტებში. მე შესანიშნავი ფეხბურთელები, პირველ რიგში კი, ბრწყინვალე ადამიანები მყავს გუნდში, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ საუკეთესოდ მუშაობას. ჩემპიონთა ლიგის მოგება ოთხი წლის წინ დაწყებული შრომის გვირგვინი იქნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფინალი იქნება, გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ და მთელი ძალებით ვეცდებით ამის გაკეთებას“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ 31 მაისს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172741