საქართველოს ნაკრებისა და „კრაიოვიას“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი უნგრული „ფერენცვაროშის“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
წყაროს თანახმად, უნგრელები ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ და სიაში 23 წლის ქართველი ჰყავთ, რომლის საბაზრო ღირებულება 1.2 მილიონი ევროა. „კრაიოვაც“ მზადაა მას შეელიოს თუ სასურველ ფინანსურ შეთავაზებას მიიღებს.
„ფერენცვაროშის“ გარდა, მექვაბიშვილის მიმართ ისევ არსებობს „ჯენოას“ ინტერესიც, რომელზეც ზამთარშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა, მაშინ გარიგება არ შედგა.
ანზორ მექვაბიშვილი „კრაიოვაში“ მეორე სეზონია, რაც თამაშობს და ამ პერიოდში 53 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 21 თამაში აქვს ჩატარებული.









