კარლო ანჩელოტისა და ლუკა მოდრიჩის შემდეგ მადრიდის „რეალს“ რაულიც ტოვებს. ლეგენდარული ფეხბურთელი კასტილიაში მწვრთნელად მუშაობდა და მან უკვე აცნობა კლუბს, რომ გადადგომა სურს.
როგორც Relevo იტყობინება, რაული „რეალიდან“ იმედგაცრუებული მიდის, რადგან მიაჩნდა, რომ ის უკვე მზად იყო პირველი გუნდის მწვრთნელობისთვის, მაგრამ „რეალში“ კარლო ანჩელოტის შემცვლელად ჩაბი ალონსო ძალიან სწრაფად აირჩიეს.
რაული „სამეფო კლუბის“ აკადემიაში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს 2018 წლიდან ედგა სათავეში და 19-წლამდელებს უეფას ახალგაზრდული ლიგაც მოაგებინა. თუმცა, მთავარ გუნდში შანსი ვერ მიიღო.
როგორც As-ი იტყობინება, რაულმა უკვე მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთავაზება: „ლიდსიდან“, „ვილიარეალიდან“ და „შალკედან“, სადაც ის 2010-2012 წლებში თამაშობდა და მას უკვე ამბიციური პროექტით მიმართა.
თუმცა რაულმა ჯერ მხოლოდ „რეალიდან“ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ კარიერის გასაგრძელებლად არჩევანის გაკეთებას არ ჩქარობს.