2021 წლის 13 აგვისტოდან 2025 წლის 23 მაისამდე - ეს გიორგი მამარდაშვილის ვალენსიური კარიერის ათვლის და დასასრულის მაჩვენებელია.
ლა ლიგის 38-ე ტურში „ვალენსია“ სევილიაში „ბეტისს“ ესტუმრა, ქართველმა მეკარემ კი, ესპანური გუნდის რიგებში ბოლო მატჩი ჩაატარა.
შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, შედეგი არაფერს ცვლიდა სატურნირო ცხრილში. მამარდაშვილმა 3 დარტყმა მოიგერია, მას ვალენსიურ კარიერაში ბოლო გოლი ანტონიმ გაუტანა, რომელმაც სევილიელები პირველ ტაიმში დააწინაურა. მეორე ნახევარში რაფა მირმა წონასწორობა აღადგინა.
გიორგი მამარდაშვილი 2024-2025 წლების სეზონი 34 მატჩით (8-ჯერ მშრალი კარი) დაასრულა, ხოლო მთლიანობაში 2021 წლიდან 24 წლის მეკარემ „ვალენსიას“ კარი 134 შეხვედრაში დაიცვა. მამარდაშვილი თავის დროზე „ვალენსიამ“ იჯარით გადაიბირა, ხოლო 6 თვეში გამოისყიდა. გასულ ზაფხულს ის „ლივერპულში“ 35 მილიონ ევროდ გაყიდა, ეს სეზონი კი, „მესტალიაზე“ გიორგიმ იჯარით გაატარა.
შესაბამისად, ზაფხულიდან მამარდაშვილი უკვე „ლივერპულის“ კარს დაიცავს, სადაც ალისონთან კონკურენციაში ეცდება გამარჯვებას.
"ვალენსიამ", რომელიც გავარდნის რეალური კანდიდატი დიდი ხნის განმავლობაში იყო, სეზონი 46 ქულით და მე-12 პოზიციაზე დაასრულა.