სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:30 | 26.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტუდორი: "იუვეში" თუ ვერ დავრჩები, არც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვუხელმძღვანელებ"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა განაცხადა, რომ კლუბში მისი მომავალი უახლოეს ხანში გაირკვევა.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი საჯაროდ ამბობს, რომ ტუდორი გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატზეც უთავკაცებს და ამის შემდეგ გაირკვევა, დარჩება თუ არა გუნდში, ტუდორმა „ვენეციასთან“ მატჩისა (3:2) და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ საპირისპირო განცხადება გააკეთა.

როგორც ხორვატმა აღნიშნა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თუ ის გუნდში იქნება, ტურნირის შემდეგაც დარჩება, თუ არადა, მუნდიალზე „ბებერ ქალბატონს“ არ უთავკაცებს და კლუბს დატოვებს. ტუდორი ფიქრობს, რომ ეს ყველასთვის სწორი და ლოგიკური ნაბიჯი იქნება.

„ჩემს მომავალს მალე გავიგებთ, სწორია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლამდე იცოდეს ადამიანმა, რა არის მისი მომავალი, რადგან არ იქნება სწორი ამ ტურნირზე წასვლა თუ ვინმეს კლუბში მომავალი არ აქვს. ამას ჩემ გამო არ ვამბობ, არამედ, პირველ რიგში კლუბის გამო. არ იქნება სამართლიანი არცერთი მხარისთვის, თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდს ეყოლება მწვრთნელი, რომელიც ტურნირის შემდეგ პოსტზე აღარ იქნება. ჯერ არ გვისაუბრია მომავალზე, სეზონის დასრულებაზე ვიყავით კონცენტრირებული, არ გვინდოდა ყურადღების გაფანტვა, ამიტომ არ გვისაუბრია, მაგრამ მალე ვისაუბრეთ.

ცხადია, ბუნებრივია, ნორმალურია და სწორია, ყველასთვის, კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის, ჩემთვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე ყველაფერი გაირკვეს. სხვაგვარად არ შეიძლება, ვფიქრობ, ეს ლოგიკურია“, - თქვა ტუდორმა.

შეგახსენებთ, რომ იგორ ტუდორი „იუვენტუსს“ მარტში ჩააბარეს, როცა ტიაგო მოტა დაითხოვეს. მან კლუბის დასახული მიზანი შეასრულა - ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. ხორვატის ხელმძღვანელობით „იუვემ“ 9 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 5 მოიგო, 3-ჯერ ფრეს დასჯერდა და ერთხელ დამარცხდა.

„იუვენტუსი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე „ალ აინს“, „ვიდადს“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება. ტურინულ გრანდს ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ანტონიო კონტეს უკავშირებენ.

0.08805