მადრიდის „რეალში“ ჩაბი ალონსო წარადგინეს, რომელმაც ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს ახალი ერის დასაწყისია.
„ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული დღეა. დღე, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება. ნამდვილად ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, იმ ადგილას, რომელსაც ჩემს სახლად მივიჩნევ. „რეალთან“ კავშირი არასდროს გამქრალა, ვალდებებასში მისვლის შემდეგ ეს გრძნობა ჩემში ხელახლა დაიბადა. ვფიქრობ, ახალი ერის დასაწყისია. ფლორენტინოს მადლობას ვუხდი ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა.
კარლო ჩემი მწვრთნელი იყო, ფანტასტიკური ადამიანია, მის გარეშე, ალბათ, აქ არ ვიქნებოდი. მის ადგილს ვიკავებ და ამ მემკვიდრეობას სიამაყით გავაგრძელებ. გვსურს ხალხი სტადიონზე გასართობად მოვიდეს, თუ ამ ვნების გაღვივებას შევძლებთ, შეუჩერებელ ძალას მივიღებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია“, - თქვა ალონსომ.
შეგახსენებთ, ჩაბი ალონსო 2009-2014 წლებში მადრიდის „რეალში“ თამაშობდა და 236 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან ექვსი ტიტულიც მოიგო: ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის სუპერთასი, ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი თითოჯერ, ხოლო ორჯერ ესპანეთის თასი.
სამწვრთნელო კარიერა ალონსომ „სოსიედადის“ მეორე გუნდში დაიწყო, ხოლო 2022-2025 წლებში „ლევერკუზენში“ მუშაობდა, რომელსაც 2024 წელს გერმანიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოაგებინა. გარდა ამისა, ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც „ატალანტასთან“ წააგო და ეს „ლევერკუზენის“ ერთადერთი მარცხი იყო 2023-2024 წლების სეზონში.