„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შესაძლოა კვლავ „იუვენტუსს“ უხელმძღვანელოს. DAZN-ის ჟურნალისტის, ორაციო აკომანდოს ცნობით, ტურინულმა კლუბმა უკვე დაიწყო მუშაობა 55 წლის სპეციალისტის დასაბრუნებლად.
„ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელები კონტეს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობენ წელიწადში 8 მილიონი ევროს ხელფასით პლუს ბონუსები, რაც ჯამში მწვრთნელს კონტრაქტის ვადის განმავლობაში 24 მილიონ ევროზე მეტს მოუტანს.
კონტე „იუვენტუსს“ 2011 წლიდან 2014 წლამდე წვრთნიდა, ზედიზედ სამი სკუდეტო და ორჯერ იტალიის სუპერთასი მოიგო.
ტურინულ კლუბს ამჟამად იგორ ტუდორი ხელმძღვანელობს, რომელმაც სეზონის მიმდინარეობისას ტიაგო მოტა შეცვალა.
გავიხსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინათ კონტემ პირველივე წელს „ნაპოლისთან“ ერთად სერია A მოიგო. გასულ სეზონში ნეაპოლიტანელები ჩემპიონატში შედეგებით მეათე ადგილზე იყვნენ.