ფეხბურთი

15:46 | 28.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "ევროპის ჩემპიონატზე რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ მიზანი ჯგუფიდან გასვლაა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული იქნება.

"ჩვენ ყოველთვის განვითარებაზე და სიახლეებზე ვფიქრობთ. ბუნებრივია, სიახლეს ყოველთვის განსხვავებული შეფასება მოჰყვება. პირადად მე, ძალიან მომწონს ჩვენი ახალი ფორმა. ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინეთ. იყო ნეგატიური კომენტარებიც და ეს ნორმალურია. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრების საყვარელი მაისური გახდება და სტადიონზე მრავლად იქნებიან ამ ფორმებით. ახალი ფორმით ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ეროვნული გუნდი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებში და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში იასპარეზებს. ახალი ფორმებით დაიწყებს ახალ ციკლს ქალთა ეროვნული ნაკრები.

ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ითამაშებს. ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი პლეი-ოფში გასვლაა. ნაკრები 30 ივნისს გაემგზავრება ავსტრიაში, სადაც რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი სრული შემადგენლობა, რომელიც სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია გქონდეს მაღალი მიზნები და იბრძოლო წარმატების მისაღწევად.

მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს ხელი შევუწყოთ განვითარებაში. ამაში მათ მწვრთნელთა განათლების კურსებით ვეხმარებით. გვქონდა საუბარი რამაზ სვანაძესთან ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გურამ კაშიას და ნიკა კვეკვესკირის გამგზავრების თაობაზე. რა თქმა უნდა, თუ მათ ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნებათ, ხელს შევუწყობთ, რომ დამატებითი გამოცდილება მიიღონ", - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.

ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.095458