ფეხბურთი

23:20 | 30.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

უსმან დემბელე: "კვარა ძალიან ნიჭიერია და მაშინვე ხვდება, მისგან რას ითხოვენ"
"აქ ყოფნა განსაკუთრებულია, ეს დიდი სიხარულის მომენტია"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა უსმან დემბელემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა ფეხბურთელმა ფინალის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა კომენტარი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი

„როგორც არაერთხელ მითქვამს, ძალიან ვამაყობ, რომ ფინალში გავედით. ბევრი ვიშრომეთ, ყოველთვის ადვილი არ იყო: სეზონი კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ მეორე ნახევარში განსხვავება შევქმენით. აქ ყოფნა განსაკუთრებულია, ეს დიდი სიხარულის მომენტია“.

ოქროს ბურთი

„ვიმეორებ, მნიშვნელოვანია გუნდური ტიტულები, რომელთა მოგებაც შემეძლო და არა ინდივიდუალური. ცხადია, ამაზე ვფიქრობ, მაგრამ პირველ რიგში გუნდური შედეგებით“.

ნოემბერში, მიუნხენში წითელი ბარათი

„ეს ფეხბურთის ნაწილია. რთული მომენტი იყო პირად დონეზე, მაგრამ მოვახერხე მაღალი დონის პოვნა. კმაყოფილი ვარ იმ გზით, რომელიც გავიარეთ, განსაკუთრებით იანვრიდან მოყოლებული - მენტალიტეტი შეიცვალა“.

ემოციების მართვა

„სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ცხადია, დიდი ენთუზიაზმია და ჩვენც პოზიტიურად ვართ განწყობილნი, მაგრამ სიმშვიდე, სერიოზულობა უნდა შევინარჩუნოთ. ემოციების მართვა მოგვიწევს, ეს მატჩის გადამწყვეტი ფაქტორი იქნება“.

პავარი და ტურამი

„ძალიან მიხარია მათი ჩემპიონთა ლიგაზე ნახვა, შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ. პავარი ძალიან ჭკვიანია, მისი დამარცხება რთულია: იმედი მაქვს, რომ დავამარცხებ, მაგრამ მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეტოქედ ვხედავ“.

„ინტერი“

„ინტერი“ შესანიშნავი გუნდია, რომელიც სრულად იმსახურებს ფინალში ყოფნას. ისინი 4-5 წელია ერთად თამაშობენ, ძალიან ფიზიკურები არიან და იციან, როგორ დაიცვან და შეუტიონ. მათ იციან, როგორ მართონ ბურთის ფლობა, იციან, როგორ შეუქმნან პრობლემები მეტოქეს. პირველიდან ბოლო წუთამდე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ზიანი მოგვაყენონ“.

სხვა ფინალები

„დიახ, 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ფინალი კარგად გამოვიდა, შემდეგ სხვა ფინალები ნაკლებად კარგი. ახლა ოცნების ტოლფასი თამაში მაქვს, მოუთმენლად ველი“.

ხვიჩა კვარაცხელია

„ის ფანტასტიკური მოთამაშეა, გუნდს კარგად შეეგუა: არ მგონია, რომ ეს ასე რთული იყოს, გარდა ამისა, ის ძალიან ნიჭიერია და შრომისმოყვარეა, მაშინვე ხვდება, რას ითხოვენ მისგან. პარიზში მას გაშლილი ხელებით შეხვდნენ“.

კილიან მბაპეს გარეშე

„ხშირად მეკითხებით, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდებოდა, კილიანი რომ დარჩენილიყო. მას ჰქონდა ოცნება, ეთამაშა „რეალში“. წავიდა, მაგრამ პსჟ წინ მიიწევს. პსჟ არსებობდა მბაპემდე, მბაპეს დროს და მბაპეს შემდეგ: ახლა ჩვენ იმაზე ვართ კონცენტრირებულნი, თუ რა უნდა გავაკეთოთ“.

ლუის ენრიკეს როლი

„მან მაშინვე ნათლად მაჩვენა, რომ სურდა ჩემზე, როგორც ცენტრალურ თავდამსხმელზე, ემუშავა. ეს არის როლი, სადაც მაქვს გადაადგილების შესაძლებლობა, რომელიც მომწონს: საქმე ეხება მოწინააღმდეგეებისთვის გაურკვევლობის შექმნას. ეს ძალიან მომწონს“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ეს გუნდები აქამდე ოფიციალურად შეხვედრებში არასდროს შეხვედრიან ერთმანეთს. ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით „ინტერთან“ ხუთჯერ ითამაშა და უარყოფითი ბალანსი აქვს: 1 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება, 0 გოლი და 0 საგოლე პასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099183