ფეხბურთი

0:57 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას გოლი და ფანტასტიკა ფინალში: ხვიჩამ და პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს!

„პარი სენ-ჟერმენი“ და ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები არიან!

საოცარი ფეხბურთი, ძნელი გასახსენებელია, ფინალი ასეთ დონეზე ოდესმე ვინმეს თუ უთამაშია, პსჟ-მ „ინტერს“ დასცინა, გაანადგურა, სამოყვარულო დონეზე გამოაჩინა და 5:0! ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა, ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში!

„პარი სენ-ჟერმენმა“ თამაში მაღალი ინტენსივობით დაიწყო, პრესინგზე ლუის ენრიკეს გუნდი მეტოქეს ახრჩობდა და ბურთს ძალიან სწრაფად იბრუნებდა, შესაბამისად, „ნერაძური“ უბურთოდ რჩებოდა და პსჟ-ს ნახევარზე გადასვლა ძალიან უჭირდა.

აქტიური დასაწყისი პსჟ-მ შედეგშიც ასახა. მე-12 წუთზე ანგარიში გაიხსნა, დიდებული კომბინაცია, რომელიც თამამად უნდა შეიტანონ საფეხბურთო სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ, ბავშვებს ხშირად უნდა ანახონ. „ინტერის“ ნაქები დაცვა უბრალოდ დაიშალა, უსუსური გამოჩნდა - დასკვნით ფაზაში დეზირე დუემ აშრაფ ჰაკიმს გაუკეთა პასი, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა. ის პირველი მაროკოელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეაგდო, თანაც, ყოფილი გუნდი დაამწუხრა, ჰაკიმიმ თავისი კარიერის მთავარი გოლი არ იზეიმა, „ინტერის“ პატივისცემად.

სწრაფ გოლს თამაში არ შეუცვლია, პსჟ ისევ ძალიან დომინანტი იყო, „ინტერს“ არაფერი გამოსდიოდა, საერთოდ არაფერი. მე-20 წუთზე ლუის ენრიკეს გუნდის უპირატესობა გაორმაგდა: სწრაფი კონტრშეტევა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ წამოიწყო, უსმან დემბელე მონახა მარცხენა ფლანგზე, რომელმაც შეტევის ფლანგი შეცვალა, იქ დეზირე დუე იყო მარტო, ფრანგს დრო ჰქონდა დარტყმის მოსამზადებლად, დაარტყა, ბურთი ფედერიკო დიმარკოს მოხვდა და კარში აღმოჩნდა - 2:0.

„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ფინალში საწყის 20 წუთში ორი გოლი გაუშვა. ეს შედეგი სრულად ასახავდა იმას, რაც მოედანზე ხდებოდა, სიმონე ინძაგის გუნდი გათიშული იყო. პსჟ-ს პირველ ტაიმში კიდევ შეეძლო გატანა: უსმან დემბელეს დააკლდა ძალიან ცოტა, ხოლო ტაიმის მიწურულს ორი შანსი კვარაცხელიას ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა მცირედით ასცდა კარს, მერე თავით სცადა და კვლავ ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა. შესვენებაზე პსჟ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა, დამსახურებულად, მეტიც შეეძლო.

მეორე ნახევარიც პარიზელთა უპირატესობით დაიწყო, არა ისე დომინანტურად, მაგრამ მაინც, საგოლე მომენტებს ისევ პარიზელები ქმნიდნენ. კერძოდ, კვარა, ზედიზედ ორჯერ სცადა გაეტანა, ორივე შემთხვევაში ახლო კუთხეს დაუმიზნა, მაგრამ არაზუსტად.

„ინტერს“, ისევ არაფერი გამოსდიოდა, კარშიც არ ჰქონდა დარტყმული, საერთოდ, კარში „ნერაძურიმ“ პირველად მატჩის მიწურულს დაარტყა, როცა ანგარიში 4:0 იყო. დიახ, 4:0!

დეზირე დუემ მორიგი ფანტასტიკური კომბინაცია დაასრულა და დუბლი შეასრულა. 19 წლის ფრანგი საუკეთესო იყო მოედანზე, ორი გოლი და ერთი საგოლე პასი, დიდებული შედეგია.

73-ე წუთზე საქართველოსთვის ისტორიული დრო დადგა: ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა! უსმან დემბელემ კვარა მეკარესთან პირისპირ დატოვა, ხვიჩამაც შეასრულა და სხვაობა ოთხამდე გაზარდა!

პსჟ-ს კიდევ შეეძლო გატანა, ბრედლი ბარკოლას, როცა დიდებულად ითამაშა, მაგრამ საშინლად დაარტყა. „პარი სენ-ჟერმენმა“ მეხუთე მაინც გაიტანა, „ინტერის“ კუბოში ბოლო ლურსმანი სენი მაიულუმ დააჭედა!

5:0 - ასეთი სხვაობით ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში არავის მოუგია, შესაბამისად, არც არავის წაუგია: პსჟ-მ რეკორდი დაამყარა, „ინტერმა“ ანტირეკორდი. „ინტერი“ ტრებლს უმიზნებდა, მაგრამ სეზონი უტიტულოდ დაასრულა. სამაგიეროდ, პსჟ-მ შეასრულა ტრებლი.

„პარი სენ-ჟერმენი“ მეორე ფრანგული კლუბია, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო, „მარსელმა“ შეძლო მანამდე ეს, 1993 წელს, მანაც მიუნხენში და მილანურ გუნდთან, ოღონდ „მილანთან“.

ლუის ენრიკემ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თანაც, ორ სხვადასხვა გუნდთან, პირველად 10 წლის წინ „ბარსელონაში“ შეძლო ეს. მიუნხენში მეხუთედ გაიმართა ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალი გაიმართა და ყველა შემთხვევაში ისეთმა გუნდმა მოიგო, რომელიც თასს პირველად დაეუფლა: „ნოტინგემი“, „მარსელი“, „დორტმუნდი“, „ჩელსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.

პარი სენ-ჟერმენმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელიამაც პირველად მოიგო საოცნებო ტურნირი. კვარაცხელია მეორე ქართველია, ვინც ეს ტურნირი მოიგო, პირველად ეს კახა კალაძემ შეძლო „მილანის“ რიგებში (2003, 2007).

კვარაცხელიას კარიერაში იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, მხოლოდ 24 წლის ასაკში.

ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ყველა ტურნირზე 25 თამაშში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა.

პსჟ-სთვის სეზონი არ დასრულებულა, 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ შეხვდება.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „ინტერი“ 5:0 (2:0)

მიუნხენი, „ალიანს არენა“

„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში (ერნანდესი 78); ვიტინია, ჟოაო ნევეში (ზაირ-ემერი 84), ფაბიან რუისი (მაიულუ 84); დუე (ბარკოლა 66), დემბელე, კვარაცხელია (რამოში 84)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

„ინტერი“ (3-5-2): ზომერი; პავარი (ბისეკი 54, დარმიანი 62), აჩერბი, ბასტონი; დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ (ასლანი 70), მხითარიანი (კარლოს აუგუსტო 62), დიმარკო (ჟალევსკი 54); ლაუტარო, ტურამი

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 ჰაკიმი (12), 2:0 დუე (20), 3:0 დუე (63), 4:0 კვარაცხელია (73), 5:0 მაიულუ (87)

გაფრთხილება: დუე (65) - ჟალევსკი (56), ტურამი (69), აჩერბი (71), ჰაკიმი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 23 (8) – 8 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: იშტვან კოვაჩი (რუმინეთი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172099