ფეხბურთი

11:48 | 1.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ორი ქვეყნის ჩემპიონი და ტრებლიც: კვარა მეორე ფეხბურთელია, ვინც ეს მოახერხა

ხვიჩა კვარაცხელიამ ბავშვობის ოცნება აიხდინა - ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გარდა ამისა, საინტერესო რეკორდიც გაიმეორა.

ის მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად ჩემპიონატი მოიგო და ამასთან, ტრებლიც შეასრულა: კვარას იტალიის სერია A-ს ოქროს მედალი არ ერგო, მაგრამ ჩემპიონი მაინც გახდა, პსჟ-ს რიგებში კი, საფრანგეთის ჩემპიონი, საფრანგეთის თასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, შესაბამისად, ტრებლი შეასრულა.

მანამდე ეს მხოლოდ ალვარო ოდრიოსოლას ჰქონდა გაკეთებული, რომელმაც 2019-2020 წლების სეზონში „რეალში“ გატარებული პირველი ნახევრისთვის ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო მეორე ნახევარი „ბაიერნში“ ითამაშა, რომლის შემადგენლობაში ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო - ტრებლი გაიფორმა.

შეგახსენებთ, პარი სენ-ჟერმენმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელიამაც პირველად მოიგო საოცნებო ტურნირი. კვარაცხელია მეორე ქართველია, ვინც ეს ტურნირი მოიგო, პირველად ეს კახა კალაძემ შეძლო „მილანის“ რიგებში (2003, 2007).

კვარაცხელიას კარიერაში იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული, მხოლოდ 24 წლის ასაკში.

ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს იანვარში შეუერთდა, მას შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 9 მატჩში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა, ხოლო ყველა ტურნირზე 25 თამაშში 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი მიითვალა. პსჟ-მ ამ სეზონში საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი მოიგო, კვარას ტიტულებში მხოლოდ სუპერთასი არ შედის, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ ირჯებოდა.

პსჟ-სთვის სეზონი არ დასრულებულა, 15 ივნისიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, რომლის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოს“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098494