„ლევანტემ“ სეზონის ბოლო მატჩში „ეიბარი“ 1:0 დაამარცხა. ვალენსიელებს ლა ლიგის საგზური განაღდებული ჰქონდათ, მაგრამ ამ მოგებით პირველი ადგილი და ლა ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
გიორგი ქოჩორაშვილმა 85-ე წუთიდან ითამაშა, მას ტრავმა აწუხებს, მაგრამ „სიუდად ვალენსიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა და ფანებს დაემშვიდობა. ქართველი ნახევარმცველი ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდება. გიორგიმ „ლევანტეს“ აღზევებაში წვლილი 35 მატჩში 6 გოლით და 4 საგოლე პასით შეიტანა.
ქოჩორაშვილი 2019 წლიდან იყო „ლევანტეში“, მთავარ გუნდში დებიუტი 2020-2021 წლების სეზონში ჰქონდა, თანაც ლა ლიგაში, „ბილბაოს“ წინააღმდეგ. ბოლო ორ სეზონში გუნდის ლიდერად იქცა.
„ლევანტემ“ 79 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ლა ლიგაში ასევე აღზევდა „ელჩე“, რომელმაც სტუმრად „დეპორტივოს“ 4:0 სძლია და 77 ქულით და მეორე პოზიცია ერგო.
„გრანადა“ სტუმრად კონკურენტ „რასინგთან“ 1:2 დამარცხდა და პლეი-ოფის ზონაში ვერ მოხვდა. „გრანადა“ პირველივე წუთზე დაწინაურდა, აბდერაჰმან რებაშმა ანგარიში გიორგი წიტაიშვილის პასით გახსნა. თუმცა, სტუმრებმა სწრაფი გოლით უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, ორი გოლი გაუშვეს და მარცხი განიცადეს.
წიტაიშვილი 74-ე წუთზე შეცვალეს. მან ეს სეზონი „გრანადაში“ იჯარით გაატარა და 36 თამაშში 7 გოლთან ერთად 4 საგოლე პასით გამოირჩა. „გრანადამ“ ასპარეზობა 65 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ლა ლიგის მესამე საგზური პლეი-ოფში გათამაშებდა: ბოლო საგზურისთვის „ოვიედო“, „მირანდესი“, „რასინგი“ და „ალმერია“ იბრძოლებენ.
ლა ლიგა 2-დან გავარდნენ „ელდენსე“, „ტენერიფე“, „რასინგი“ და „კარტახენა“.