საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
რამაზ სვანაძემ გუნდში რამდენიმე დღის წინ 25 ფეხბურთელი გამოიძახა, ეს გაფართოებული შემადგენლობა იყო, დღეს კი, საბოლოო, 23-კაციანი სია დაასახელა. ტრავმების გამო გუნდს "დინამო თბილისის" მცველი ნიკოლოზ უგრეხელიძე და "ჩერნომორეცის" ფეხბურთელი ლუკა ლაცაბიძე გამოაკლდა. შესაბამისად, გაფართოებული შემადგენლობიდან სწორედ ისინი ვერ მოხვდნენ საბოლოო განაცხადში.
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 30 მაისიდან, 8 ივნისის ჩათვლით ქალაქ ვენიგცელში ემზადება. ავსტრიული შეკრების ფარგლებში გუნდი, ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21-წლამდელები, რუმინელებს, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30 საათზე ფორაუს ურკრაფტ არენაზე დაუპირისპირდებიან. 8 ივნისს, ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი)
მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა)
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი)
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.
ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.