საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ რუმინეთთან ამხანაგური მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, გუნდს აგრესია და სისწრაფეები აკლდა, მაგრამ ამხანაგურ მატჩში მთავარი მაინც სხვა საკითხები იყო:
„მძიმე თამაში გამოვიდა. დავმარცხდით და ბუნებრივია, ამიტომ, კმაყოფილი არავინაა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მნიშვნელოვანი იყო, ორი რამ: ყველა ფეხბურთელი გვენახა საქმეში და პირველ რიგში, ტრავმები აგვერიდება თავიდან, განსაკუთრებით, ეს ბოლო დღის შემდეგ ძალიან გვაშფოთებდა.
ფეხბურთელების ნაწილისთვის დიდი ხნის შემდეგ პირველი თამაში იყო, უმეტესობისთვის 2-3 კვირის წინ სეზონი დასრულდა და მინდა, ამით ავხსნა მათი მოქმედებები მოედანზე, რადგან გვაკლდა ის აგრესია და სისწრაფეები, რითაც ყოველთვის გამოვირჩეოდით. ერთი კვირა გვაქვს მოსამზადებლად ევროპის ჩემპიონატისთვის, დარწმუნებული ვარ, ბევრად კარგად იქნება მდგომარეობა, ვიდრე დღეს იყო.
საერთო ჯამში კარგი სპარინგი გამოვიდა, რადგან ძალიან ბევრი მივიღეთ. აუცილებლად დაგვჭირდება განსაკუთრებით, დაცვით ფაზაში მომატება და კონცენტრაცია, რადგან ბოლო მომენტში რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა. არ არის მარტივი გადაწყობა, დრო ცოტაა, მაგრამ უნდა შევძლოთ, რომ პოლონეთთან მატჩს მზადყოფნაში შევხვდეთ“, - თქვა სვანაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გამოვა. პირველად 2023 წელს ითამაშა, როცა პორტუგალიასთან, ბელგიასა და ნიდერლანდებთან ძალიან რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხი განიცადა.
ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს, სლოვაკეთში ჩატარდება. საქართველო 11 ივნისს, პოლონეთს, 14 ივნისს, საფრანგეთსა და 17 ივნისს, პორტუგალიას შეხვდება.