საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ესპანეთთან უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ ისაუბრა. შეხვედრა დღეს, 5 ივნისს გაიმართება. ფრანგი სპეციალისტის თქმით, ესპანეთის ეროვნული ნაკრები ევროპასა და მსოფლიოში საუკეთესოა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ტურნირის ნახევარფინალში ესპანელებმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს.
„ამჟამად, ესპანეთი უდავოდ საუკეთესო გუნდია ევროპასა და მსოფლიოში და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბოლო ევრო მოიგეს. ესპანელებს ახალი მწვრთნელი და ახალი მოთამაშეები ჰყავთ განსხვავებული თვისებებით. ისინი ყოველთვის კარგად აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ ახლა მათ ახალი ძლიერი მხარეებიც აქვთ, განსაკუთრებით შეტევაში, სადაც მათ ძალიან სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ ლამინ იამალისა და ნიკო უილიამსის სახით“, - ციტირებს დეშამის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
მატჩი გერმანიაში, „შტუტგარტ არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.