ფეხბურთი

1:07 | 6.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო შოუ ესპანეთი-საფრანგეთის მატჩში

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია. შტუტგარტში გამართულ ნახევარფინალში „ფურია როხამ“ საფრანგეთის ნაკრები საოცარ დუელში 5:4 დაამარცხა.

ორი გამორჩეული ნაკრების დაპირისპირება ისეთი გამოვიდა, როგორიც მოსალოდნელი იყო, შეიძლება უკეთესიც კი.

საფრანგეთმა კარგად დაიწყო, ორჯერ ჰქონდა რეალური მომენტი, მაგრამ ესპანეთი გადარჩა, სამაგიეროდ, შემდეგ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი ათამაშდა და მეტოქის დაცვაში ბევრი ნაპრალი იპოვა. ანგარიში ნიკო უილიამსმა გახსნა, ხოლო სამ წუთში მიკელ მერინომ სხვაობა გაზარდა.

მეორე ნახევრის სტარტზე ესპანეთმა მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვიტა, როცა ლამინ იამალმა და პედრიმ ერთწუთიან ინტერვალში ორჯერ შეაგდეს. მართალია, მალევე კილიან მბაპემ შეამცირა სხვაობა, მაგრამ იამალმა დუბლით უპასუხა - 5:1.

თითქოს, ინტრიგა არ არსებობდა, მაგრამ დიდიე დეშამის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, რაც შეცვლაზე შესული და დებიუტანტი რაიან შერკის დამსახურებაა, რომელმაც ფრანგების თამაში გამოაცოცხლა. „ლიონის“ შემტევმა ჯერ ულამაზესი გოლით შეამცირა სხვაობა, მერე მეტოქის დაცვაში ქაოსი შეიტანა. ფრანგებმა მატჩის მიწურულს კიდევ ორი გოლი გაიტანეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა გასათანაბრებლად დრო აღარ ეყოთ.

ესპანეთმა 5:4 გაიმარჯვა და ფინალში 8 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება, ხოლო მესამე ადგილისთვის საფრანგეთი მასპინძელ გერმანიას დაუპირისპირდება.

ესპანეთი - საფრანგეთი 5:4 (2:0)

გოლები: 1:0 ნიკო უილიამსი (22), 2:0 მერინო (25), 3:0 იამალი (54, პენ), 4:0 პედრი (55), 4:1 მბაპე (59, პენ), 5:1 იამალი (67), 5:2 შერკი (79), 5:3 ვივიანი (84, ა.გ), 5:4 კოლო მუანი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09967