ფეხბურთი

21:55 | 8.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების ფრე კაბო-ვერდესთან

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი კაბო-ვერდესთან ჩაატარა, ქუთაისში, სადაც 2017 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი, მესამედ ითამაშა.

ვილი სანიოლის გუნდი ივნისის შეკრებაზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვიდა და ფარერებს თბილისში 1:0 აჯობა, მაგრამ აფრიკელებთან გამარჯვება ვერ მოახერხა.

კაბო-ვერდე მთლიანობაში უპირატესობას ფლობდა, ლუკა გუგეშაშვილი იყო შესანიშნავი, რომელმაც არაერთი რთული დარტყმა მოიგერია და გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა. საპასუხოდ, საქართველოს ნაკრებს უჭირდა მომენტების შექმნა, მაგრამ ტაიმი მაინც მოიგო.

45-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, სადაც შორეულ ძელთან საბა ლობჟანიძემ თავით ზუსტად დარტყმა მოახერხა და სანიოლის გუნდი დაწინაურდა.

თუმცა, მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 79-ე წუთზე საჯარიმოში ლაშა დვალს ბურთი ხელზე მოხვდა, პენალტი დაინიშნა, რომელიც რაიან მენდეშმა გოლად აქცია. გუგეშაშვილი ისევ ახლოს იყო მოგერიებასთან, მაგრამ ბურთს ვერ შესწვდა.

დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ორივე ამხანაგურ მატჩში თამაშის ხარისხი ძალიან ცუდი იყო, თუმცა ეს ექსპერიმენტული შემადგენლობით უნდა აიხსნას, ფრანგმა სპეციალისტმა ბევრი ფეხბურთელი გამოსცადა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შემოდგომაზე ჩაერთვება, როცა 4 სექტემბერს, თურქეთს, ხოლო 7 სექტემბერს, ბულგარეთს უმასპინძლებს.

საქართველო - კაბო-ვერდე 1:1 (1:0)

საქართველო (4-3-3): გუგეშაშვილი; გოჩოლეიშვილი (შენგელია 78), გველესიანი (გელაშვილი 54), დვალი, ლოჩოშვილი (გიორბელიძე 78); მამუჩაშვილი, გაგნიძე, მექვაბიშვილი; გულიაშვილი, ქვილითაია (ვოლკოვი 54), ლობჟანიძე (ბერიძე 78)

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (45), 1:1 მენდეში (79, პენ)

0.092771