რობერტ ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს. როგორც 36 წლის თავდამსხმელმა განაცხადა, სანამ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მიხალ პრობიეჟია, ნაკრებში არ ითამაშებს.
„შექმნილი გარემოებებისა და პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის მიმართ ნდობის დაკარგვის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ეროვნული ნაკრები დავტოვო, სანამ ის მწვრთნელია. იმედი მაქვს, რომ კვლავ შევძლებ მსოფლიოს საუკეთესო გულშემატკივრების წინაშე თამაშს“, - წერს რობერტი სოციალურ ქსელში.
როგორც ცნობილი გახდა, კონფლიქტი იმას უკავშირდება, რომ პრობიეჟმა ნაკრების კაპიტნობა ლევანდოვსკის ჩამოართვა და კაპიტნად პიოტრ ჟიელინსკი დანიშნა. ნაკრების კაპიტანი მწვრთნელმა რომ შეცვალა, ეს ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.
რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონეთის ნაკრებში 158 მატჩში თავი 85 გოლით გამოიჩინა.