საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს რამდენიმე წუთი დააკლდა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში რომ გაენაღდებინა.
საფრანგეთის წინააღმდეგ დრამატული ბრძოლა შედგა, საოცარი მატჩი, რომელსაც საქართველო 76-ე წუთამდე აგებდა, 89-ე წუთამდე იგებდა და სწორედ მაშინ გადიოდა ჯგუფიდან, მაგრამ ბოლო წუთებზე ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, მარცხი განიცადა, რის გამოც ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.
პირველ ტაიმში საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები ფლობდა უპირატესობას, თამაში მთლიანად საქართველოს ნახევარზე მიმდინარეობდა, თუმცა სახიფათო მომენტებს მეტოქე იშვიათად ქმნიდა.
35-ე წუთზე ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა მათის ტელმა პენალტი მოიპოვა, მის წინააღმდეგ თამაშის წესი საბა საზონოვმა დაარღვია. თერთმეტმეტრიანი დაზარებულმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. ეს იყო ზედიზედ მეორე პენალტი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დაინიშნა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.
მეორე ტაიმშიც საფრანგეთი დაეუფლა უპირატესობას, თუმცა, საქართველომ როგორც იქნა, სახიფათო მომენტი შექმნა: მოედანზე ახალმა შესულმა გიორგი აბუაშვილმა ძალიან შორი მანძილიდან დაარტყა, მაგრამ საფრანგეთი მეკარემ საოცრად ლამაზი და რთული სეივით იხსნა.
10 წუთში არანაკლებ ფანტასტიკურად ითამაშა ლუკა ხარატიშვილმა, რომელმაც ოდობერის დარტყმა კუთხურზე მოიგერია. ქართველი მეკარე როგორც წინა ტურში, ამჯერადაც გამორჩეული იყო. მიუხედავად იმისა, რომ პენალტი აიკიდა. საბა საზონოვსაც გამორჩეული თამაში ჰქონდა, არაერთხელ განმუხტა ხიფათი.
ხარატიშვილმა ცოტა ხანში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, მათის ალბინის დარტყმა დაუჯერებლად მოიგერია, ნებისმიერი რანგის მეკარე მოაწერდა ხელს ამ მოგერიებას და ლუკამ გუნდი თამაშში დატოვა. სწორედ ხარატიშვილის ბრწყინვალე გარჯის დამსახურებაა, რომ რამაზ სვანაძის გუნდი სულ მალე სხვა რელსებზე გადავიდა.
76-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა! გაბრიელ სიგუამ ალბინს ბურთი მისსავე ნახევარზე წაართვა, ვასილიოს გორდეზიანმა ქუსლით დაუტოვა ბურთი გიორგი აბუაშვილს, რომელმაც გაისწორა და შორეულ კუთხეში გაიტანა - 1:1. საგოლე კომბინაციაში შეცვლაზე შესული სამი ფეხბურთელი მონაწილეობდა. მალევე ვასილიოს გორდეზიანს შეეძლო გატანა ირაკლი აზაროვისა და გიორგი კვერნაძის კომბინაციის შემდეგ, მაგრამ მცველმა ბოლო მომენტში დაუფარა.
თუმცა, სულ მალე საქართველოს ნაკრები წინ გავიდა, რაც ავტომატურად ნიშნავდა მეოთხედფინალში გასვლას! შეტევაში ცენტრალური მცველები, საბა ხვადაგიანი და საბა საზონოვი მონაწილეობდნენ, საზონოვმა მაღალ ბურთზე ბრძოლა მოიგო, ხვადაგიანმა ფლანგზე გააგრძელა შეტევა, საიდანაც აბუაშვილმა ჩააწოდა და იქ ყველას საზონოვმა დაასწრო, რომელმაც თავური დარტყმით საქართველოს ნაკრები დააწინაურა - 1:2. ეს ხდებოდა 85-ე წუთზე და საქართველო ინაღდებდა ჯგუფიდან გასვლას.
ცოტა დრო რჩებოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნა. 89-ე წუთზე იოჰან ლეპენანმა მოახერხა გატანა და წონასწორობა აღადგინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საფრანგეთი დაწინაურდა კიდეც, ტიერნო ბარიმ გაიტანა ახლო მანძილიდან, მაგრამ ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა, გაირკვა, რომ ფრანგი თამაშგარეში იყო და გოლი გაუქმდა... 97-ე წუთზე საქართველოს მოგება მაინც შეეძლო, გორდეზიანმა დაარტყა, მცირედით არაზუსტად, არადა, შეიძლებოდა გატანა.
შეხვედრას მსაჯმა 6 წუთი დაამატა, მაგრამ ბევრი პაუზის გამო თამაში 102-ე წუთამდე გაგრძელდა და სწორედ 102-ე წუთზე საფრანგეთმა გამარჯვების გოლი გაიტანა, ტიერნო ბარიმ დალაშქრა ლუკა ხარატიშვილის კარი. ეს გოლიც მოწმდებოდა თამაშგარეზე, მაგრამ ჩაითვალა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დრამატულ ბრძოლაში, 2:3 დამარცხდა.
სხვათა შორის, გადამწყვეტი გოლის მომენტში სვანაძის გუნდი კაცნაკლული იყო, რადგან საზონოვმა ტრავმის გამო თამაში ვერ დაასრულა. საბას შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, რომლის გვირგვინი გოლი იყო. მან ახლახან მოირჩინა უმძიმესი ტრავმა და იმედია, სერიოზული არაფერია.
პარალელურად, ჯგუფის მეორე მატჩში პორტუგალიამ პოლონეთი 5:0 გაანადგურა.
ბოლო ტურის წინ, პორტუგალიას და საფრანგეთს 4-4 ქულა აქვთ, საქართველოს 3 და პოლონეთს - 0. შესაბამისად, ყველაფერი დასკვნით ტურში გაირკვევა, საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან აუცილებლად გამარჯვება დასჭირდება ჯგუფიდან გასასვლელად.
ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ეს იყო საქართველოს 21-წლამდე ნაკრების პირველი წაგება (პენალტების სერიის გარეშე). საქართველო - პორტუგალიის მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
საფრანგეთი - საქართველო 3:2 (0:0)
ჟილინა, „პოდ დუბნომი“
საფრანგეთი (4-3-3): რესტი; სილდილია, მაციმა, ლუკება, მერლინი; დუკურე (აგუმე 90), პენენანი, აგუმე (სისე 90); ოდობერი (ბარი 73), ტელი (ალბინი 73), ლემარეშალი (ჩაუნა 61)
მწვრთნელი: ჟერალ ბატიკლი
საქართველო (4-3-3): ხარატიშვილი; მაისურაძე, საზონოვი, ხვადაგიანი, აზაროვი; გ. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 55), გაგნიძე (ო. მამაგეიშვილი 55), ლომინაძე; ოდიშარია (გორდეზიანი 66), კვერნაძე (ოსიყმაშვილი 90), იეგოიანი (სიგუა 66)
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
გოლები: 1:0 ტელი (35, პენ), 1:1 აბუაშვილი (76), 1:2 საზონოვი (84), 2:2 ლეპენანი (89), 3:2 ბარი (90)
გაფრთხილება: ლეპენანი (13) - საზონოვი (34), ლომინაძე (43)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 20 (9) – 9 (3) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: იაკობ სუნდბერგი (დანია)