საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ხარატიშვილმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთთან მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ამ გუნდის ხელწერა ბრძოლაა და ისინი არ დანებდებიან.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს ამ ბრძოლისა და თავდადებისთვის. საფრანგეთი ყველამ ვიცით, რომ ძალიან ძლიერი გუნდია და ძნელია მის წინააღმდეგ თამაში. უბრალოდ, პირველ თამაშში ჩვენ გაგვიმართლა და ბოლო წუთებზე მოვიგეთ, მაგრამ დამსახურებულად, დღეს კი, არ გაგვიმართლა და ბოლო წუთებზე დავმარცხდით.
ზუსტად ისეთნაირად მოვემზადებით ბოლო მატჩისთვის, რადგან ჩვენი ხელწერაა, რომ ვიბრძვით, არ ვნებდებით, იგივეს გავაკეთებთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით. უბრალოდ არ გაგვიმართლა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი შრომით, თავდადებით, მიდგომით, ჩვენი ქვეყნის სიყვარულით გავალთ პორტუგალიასთან სათამაშოდ და მიზანს მივაღწევთ.
ძალიან დიდი მუხტი და ძალაა, რომ ქართველი ქომაგები ჩამოსულები არიან. მადლობა დაფასებისთვის, მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის“, - თქვა ხარატიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
სოფო ერქვანია ჟილინადან