ფეხბურთი

3:50 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი: "რთულ თამაშს ველოდით და ზუსტად ასეც მოხდა"

საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟერალ ბატიკლმა საქართველოსთან მატჩის (3:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მსგავს ტურნირებში ასეთი სულისკვეთების გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბევრი ემოცია გადავიტანეთ. რთულ თამაშს ველოდით და ზუსტად ასეც მოხდა. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ვდომინირებდით, წინ გავედით, გვქონდა შანსი, გაგვეზარდა უპირატესობა, მაგრამ ვერ შევძელით. სამაგიეროდ, ჩვენმა მეტოქემ შეტევაში ეფექტიანად ითამაშა და უკვე ჩვენ აღმოვჩნდით ანგარიშში უკან.

დავინახე, როგორ არ დანებდა ჩემი გუნდი. მათ ბოლომდე შესანიშნავი ხასიათი და რწმენა გამოავლინეს. ნამდვილი გუნდური ერთიანობა იყო. სწორედ ასეთი თამაშებით იქმნება ნამდვილი გუნდური სული. ეს ჩვენთვის წინსვლის დადებითი ნიშნებია.

ბევრი დადებითი მომენტი იყო. ვდომინირებდით ბურთზე. ძალიან მომეწონა ხასიათი, რომელიც გამოვავლინეთ, ძალიან მომეწონა ის მონაკვეთი, როდესაც თამაშს ვაკონტროლებდით. მოვახერხეთ მატჩში დარჩენა, როცა ჩამოვრჩით და ანგარიში გავათანაბრეთ, შემდეგ კი გავაგრძელეთ ზეწოლა, რამაც მოგების საშუალება მოგვცა.

გვინდოდა გამარჯვება, რათა ჩვენი ბედი ჩვენს ხელში ყოფილიყო და ასეც მოხდა. ამ თამაშებს ნამდვილად შეუძლიათ გუნდის გაერთიანება, ნამდვილი სულისკვეთების გაღვივება და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთ ტურნირებში“, - თქვა ბატიკლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098313