ფეხბურთი

15:23 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიზი მამაგეიშვილი: "შეუძლებელი რომ არაფერია, ფაქტებით მყარდება"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიზი მამაგეიშვილმა დღეს, ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ვრცლად ისაუბრა, როგორც გუშინდელ თამაშზე, ისე პორტუგალიასთან მომავალ დაპირისპირებაზე.

„როდესაც გადატვირთულ გრაფიკში თამაში გიწევს, აღდგენის საშუალება ყოველთვისაა და როდესაც ამ დონეზე თამაშობ, გაქვს საშუალება, რომ შენს თავს მიხედო, ენერგია აღიდგინო და მომდევნო მატჩისთვის მოემზადო. გუშინ, ძალიან მძიმე და მძაფრი შეგრძნებები იყო, თუნდაც მატჩის კონკრეტულ მომენტში, სანამ თამაში დასრულდებოდა. ორჯერ გადამოწმდა გოლი, ერთხელ არ ჩაითვალა, ბოლო გოლი ჩათვალეს. ვფიქრობ, ამან კიდევ უფრო გაართულა შეგრძნებები. თუმცა, უკვე დავივიწყეთ, პორტუგალიაზე ვფიქრობთ, უიმედო მდგომარეობაში არ ვართ, ვემზადებით, კარგი განწყობაა და მზად ვართ თამაშისთვის.

გუშინდელ თამაშში გარდამტეხი მომენტი იყო, როცა საფრანგეთმა ანგარიში გაათანაბრა, რადგან მოგებით გავდიოდით, რაც მეორე გოლით დავკარგეთ და ჩვენთვის ფრე მისაღები არ იყო, თამაშის გადასარჩენად ვიბრძოლეთ და საფრანგეთს ის გამოუვიდა, რაც სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით. ალბათ, ჩვენი მეორე გოლის შემდეგ ზედმეტი ეიფორია არავის დაუშვია, იმიტომ, რომ ვიცით, მსაჯის საფინალო სასტვენამდე არაფერია გადაწყვეტილი. ყველას გაანალიზებული გვაქვს, რომ ნებისმიერ მომენტში, თუნდაც წამის მეასედში, შეიძლება ისეთი რამე მოხდეს, რაც თამაშის ბედს გადაწყვეტს.

პორტუგალიას ეროვნულმა ნაკრებმაც მოუგო და 21-წლამდელებმაც ორი წლის წინ? ეს გვეხმარება, ჩვენი მყარი მდგომარეობისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის შეგრძნება, რომ შეუძლებელი არაფერია, ფაქტებით მყარდება, რაც ჩვენთვის უფრო სასარგებლოა, არ ვიტყვი, რომ გვიმარტივებს, მაგრამ ეგ შეგრძნება მოაქვს. კონკრეტულ დავალებებს კონკრეტული თამაშის წინ ვიღებთ, ეს გვეცოდინება თამაშის წინ თეორიებზე.

ალბათ, ამით უნდა დამეწყო: ემოციურ ფონზე გულშემატკივრებისთვის მადლობაც არ გვითქვამს, ყველა მაგაზე ვფიქრობდით, ვიდეოებს რომ ვუყურებდით, იმხელა ემოციური ჯაჭვი იყო ჩვენს შორის, რომ სინანული იმანაც მოიტანა, რომ ჯერ იმხელა სიხარული მივანიჭეთ ყველა გულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მძაფრად შეიგრძნეს მოგების გემო და შემდეგ ეს დაკარგული სიამოვნება. გვინდა, რომ საფრანგეთთან დაწინაურებით გულშემატკივარს რა სიხარულიც მივანიჭეთ, იგივე სიხარული მივანიჭოთ პორტუგალიასთან მატჩის შემდგომაც“, - თქვა მამაგეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სოფო ერქვანია ჟილინადან

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096586