ფეხბურთი

0:59 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ მუნდიალი ორი საგოლე პასით დაიწყო, პსჟ-მ "ატლეტიკოს" განადგურებით

„პარი სენ-ჟერმენმა“ ორი კვირის წინ სეზონი ტრიუმფით დაასრულა (ნაწილობრივ) და ახლა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ფანტასტიკურად ჩაერთო.

ლუის ენრიკეს გუნდი უბრალოდ გასაოცარ, წარმოუდგენელ ფორმაშია და მეტოქეებს, რანგისა და სტატუსის მიუხედავად ანადგურებს. „ინტერთან“ 5:0-ს „ატლეტიკოსთან“ 4:0 მოჰყვა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ საკლუბო მუნდიალზე დებიუტი ორი საგოლე პასით აღნიშნა.

პარიზელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი: ჯერ ფაბიან რუისმა გაიტანა, შემდეგ ვიტინიამ. ორივე შემთხვევაში ასისტენტის როლში კვარა იყო. ქართველ ვარსკვლავს თავადაც შეეძლო გატანა, მეორე ტაიმის სტარტზე იან ობლაკმა და ძელმა ერთად შეუშალეს ხელი. მატჩის მიწურულს ანგარიში სამამდე სენი მაიულუმ გაზარდა, ბოლო წუთზე კი, კან ინ ლიმ პენალტით მეოთხედ დალაშქრა მეტოქის კარი. ხვიჩა მოედანზე 72-ე წუთამდე იყო.

კვარაცხელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, პსჟ-ც ისევ ბრწყინავდა. საქმე მხოლოდ ანგარიშში არაა, ლუის ენრიკეს გუნდმა მადრიდული გუნდი ძალიან, ძალიან დაჩაგრა. ამრიგად, პსჟ-მ ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

მეორე ტურში 19 ივნისს, „პარი სენ-ჟერმენი“ ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ შეხვდება, ხოლო „ატლეტიკოს“ მეტოქე „სიეტლი“ იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09533