საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატს გამოეთიშა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში რამაზ სვანაძის გუნდი პორტუგალიასთან დამარცხდა და ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა.
საქართველოს ნაკრებს გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო: მესამე წუთი მიმდინარეობდა, როცა ლაშა ოდიშარიამ უწყინარ სიტუაციაში იუხეშა, ეპიზოდი მსაჯმა VAR-ზე გადაამოწმა და ქართველი შემტევი მოედნიდან გააძევა. რა თქმა უნდა, ამან მთლიანად შეცვალა თამაშის გეგმა და მთელი მატჩი ქართველებმა რიცხობრივ უმცირესობაში გაატარეს.
პირველი საგოლე მომენტი მაინც საქართველომ შექმნა: ირაკლი აზაროვის შორეული დარტყმის შემდეგ პორტუგალიელთა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. საქართველოს ნაკრები ასე თუ ისე, ახერხებდა თავის დაცვას, ზედმეტი პრობლემების გარეშე, მაგრამ 24-ე წუთზე მეკარე, ლუკა ხარატიშვილი შეცდა, რომელსაც ბურთი ხელიდან გაუვარდა და როდრიგო პინეირომ ანგარიში გახსნა. გაძევებამ და ამ გოლმა ყველაფერი შეცვალა. ცხადი გახდა, რომ პორტუგალიამ ამ ორ საჩუქარს ხელიდან არ გაუშვებდა. მეორე ტაიმში რუი ჟორჟეს გუნდმა უპირატესობა ჯოვანი კენდას გოლით ორამდე გაზარდა და თამაშს ყველანაირი ინტრიგა მოუკლა.
მატჩის მიწურულს მეტოქემ მესამეც გაიტანა: გომეშმა ახლო მანძილიდან დალაშქრა ხარატიშვილის კარი და ანგარიში გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ენრიკე არაუჟომ პენალტით მეოთხე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:4. აღსანიშნავია, რომ ტურნირის სამივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშა და ტურნირი C ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთი დაამარცხა, ხოლო საფრანგეთსა და პორტუგალიასთან დამარცხდა. საფრანგეთთან ქართველი ფეხბურთელები 89-ე წუთამდე იგებდნენ და ანგარიში რომ შეენარჩუნებინათ, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებდნენ... 2023 წელს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო.
ჯგუფში პირველი ადგილ პორტუგალიამ დაიკავა 7 ქულით, ასევე 7 ქულა დააგროვა საფრანგეთმა, მაგრამ მეტოქეს ბურთების ბალანსით ჩამორჩა. საქართველოს 3 ქულით მესამე ადგილი ერგო, ხოლო პოლონეთი უქულოდ ბოლო საფეხურს დასჯერდა.
საქართველო - პორტუგალია 0:4 (0:1)
ტრენჩინი, „ნა შიჰოტი“
საქართველო (4-3-3): ხარატიშვილი; მაისურაძე, იაკობიძე, ხვადაგიანი, აზაროვი (მამაცაშვილი 67); გ. მამაგეიშვილი (იეგოიანი 67), ლომინაძე, ო. მამაგეიშვილი (მორჩილაძე 85); ოდიშარია, კვერნაძე, აბუაშვილი (ბედოშვილი 52)
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
პორტუგალია (4-3-3): სოარეში; პინეირო, ლამბა, მუნისი, ნაზინიო; მ. ფერნანდეში (სა 61), ნაშიმენტო, ბერნარდო (მარკეში 81); კენდა (გომეში 81), ტომასი (არაუჟო 67), რ. ფერნანდეში (დე ამორიმი 46)
მწვრთნელი: რუი ჟორჟე
გოლები: 0:1 პინეირო (24), 0:2 კენდა (62), 0:3 გომეში (87), 0:4 არაუჟო (90, პენ)
გაფრთხილება: კვერნაძე (53), გ. მამაგეიშვილი (55), ლომინაძე (72) - რ. ფერნანდეში (45), მ. ფერნანდეში (57)
გაძევება: ოდიშარია (5)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 19 (5) ბურთის ფლობა: 28%-72% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: ელჩინ მასიევი (აზერბაიჯანი)









