საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ნოდარ ლომინაძემ ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მთლიანობაში ევროპის ჩემპიონატი შედგა.
„პირველი-ორი წუთი ნორმალურად დავიწყეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა, გამოდიოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გართულდა გაძევების გამო, რაც ხდება, ამისგან დაზღვეული არავინ ვართ. პირველ რიგში, ჩემი მხარდაჭერა ოდიშარიას. დიახ, ვფიქრობ, ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატი შედგა, მეტი გვინდოდა, მაგრამ შედგა.
დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, ორივე ევროპის ჩემპიონატი რთული იყო, რადგან ახლა ჯგუფში ჩავრჩით, წინაზე მეოთხედფინალში პენალტების სერიაში წავაგეთ, მაგრამ ეს ევროპის ჩემპიონატები კარიერაში ძალიან გამომადგა და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. რა თქმა უნდა, საფრანგეთთან ბოლო წუთები თითოეული ჩვენგანის გონებაში დარჩება და იქნება განცდა, იქ რომ მოგვეგო, რა მოხდებოდა“, - თქვა ლომინაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში მეორედ ითამაშა და ტურნირი C ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. რამაზ სვანაძის გუნდმა პოლონეთი დაამარცხა, ხოლო საფრანგეთსა და პორტუგალიასთან დამარცხდა. საფრანგეთთან ქართველი ფეხბურთელები 89-ე წუთამდე იგებდნენ და ანგარიში რომ შეენარჩუნებინათ, მეოთხედფინალის საგზურს გაინაღდებდნენ... 2023 წელს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო.
სოფო ერქვანია ჟილინადან









