„ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონი გახდა, შესაბამისად, თორნიკე შენგელიაც! ფინალური სერია ბოლონიელებმა ადვილად, 3:0 მოიგეს. მესამე შეხვედრაში შენგელიას გუნდმა "ბრეშა" მისსავე მოედანზე 96:74 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ, ისევე როგორც მთელი სეზონის განმავლობაში ფინალშიც საოცარი მატჩი ჩაატარა და MVP-ის ჯილდოს დაესაკუთრა. ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთში 31 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. თორნიკემ 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 სამქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
თორნიკე შენგელიას კომენტარი:
"თავდაპირველად ბოლონია ჩემთვის დროებითი გაჩერება უნდა ყოფილიყო, თუმცა აქ სახლი და ოჯახი ვიპოვე. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, თანაგუნდელებს და კლუბში მომუშავე ყველა პერსონალს, აქ სამი არაჩვეულებრივი წელი გავატარე. გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ.აქ ჩამოსვლის დღიდან, ჩემთვის ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო, დაწყებული ქომაგებით დამტავრებული ქალაქით." - განაცხადა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონია“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მე-17-ედ გახდა, ხოლო 2021 წლის შემდეგ პირველად.
ცნობისთვის ბოლონიური კლუბის მფლობელმა მასიმო ძანეტიმ იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ დაადასტურა, რომ თორნიკე შენგელია მომდევნო სეზონიდან კარიერას კატალონიის ბარსელონაში გააგრძელებს.









