მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ჟურნალისტებს ესპანური გრანდის შემადგენლობაში პირველი თამაშის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში „სამეფო კლუბმა“ საუდურ „ალ-ჰილალთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. ინგლისელმა მოედანზე 65 წუთი გაატარა, რის შემდეგაც ის ესპანელმა ლუკას ვასკესმა შეცვალა.
„რეალში“ დებიუტი მქონდა, რაზეც ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. ერთი მხრივ, იმედგაცრუებული ვარ, ვერ გავიმარჯვეთ, რადგან „რეალის“ ფეხბურთელების მენტალიტეტი ყველა მატჩის მოგებისკენ სწრაფვაა. ამავდროულად, დადებითი მომენტებიც დავინახე, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ეს უნიკალური გამოცდილება იყო. კლუბის მხარდაჭერა კონტრაქტის ხელმოწერის მომენტიდან ვიგრძენი. „რეალს“ მართლაც გლობალურ გულშემატკივართა არმია ჰყავს, რასაც ყოველდღე გრძნობ. გულშემატკივრები როგორც ვარჯიშზე, ასევე სასტუმროში იმყოფებიან. სოციალურ მედიაში მხარდაჭერაც შთამბეჭდავია“, - ციტირებს ალექსანდერ-არნოლდის სიტყვებს TNT Sports.
26 წლის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ინგლისური „ლივერპულის“ ახალგაზრდული სისტემის აღზდილი გახლავთ, ფეხბურთელი მადრიდულ გიგანტში ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.









